დავით ზალკალიანი პუტინს პასუხობს: საქართველოს ისტორია მე-18 საუკუნიდან არ იწყება, ეს არის ისტორიული ფაქტების ტენდენციურად წარმოჩენა
“ის, რაზეც საუბარი იყო, არის არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებული განცხადებები და არასწორ კონტექსტში”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.
ზალკალიანის თქმით, რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები მოულოდნელი და გასაკვირი არ არის.
“საქართველოს ისტორია არც მე-18 საუკუნიდან იწყება და არც მე-19 საუკუნიდან. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში უამრავი ფაქტი არსებობს და, არგუმენტირებულად, ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სწორედ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი და აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. თუკი გვინდა ისტორიულ ფაქტებში წიაღსვლა, ამაზე ისტორიკოსებმა იმსჯელონ. აქაც ვფიქრობ, ჩვენ სასარგებლოდ არის ძალიან ბევრი ფაქტი. რაც შეეხება სახელმწიფოს – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კონფლიქტის მოგვარებასთან მიმართებით გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება დეესკალაციისკენ, დეოკუპაციისკენ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ამის დასტური არის ის ქმედება, რაც აისახება ჟენევის ფორმატის ფარგლებში. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და ის არის მუდმივად იმის გაცხადება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და ეს ასე უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ყველა საერთაშორისო ნორმები და ის ვალდებულებები, რაც არის აღებული, შესრულებული უნდა იყოს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა რომ კარგად არის ინფორმირებული რეალურ სიტუაციასა და ისტორიულ ფაქტებზე, მეტყველებს ის, რომ ჩვენ ვართ აღიარებული მთელი მსოფლიო ცივილიზებული თანამეგობრობის მხრიდან, როგორც ერთიანი სუვერენული, ტერიტორიულად მთლიანი ქვეყანა აღიარებულ საერთაშორისო ფარგლებში.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ისტორიულ ოკუპაციაში, ასევე, გენოციდში ადანაშაულებს.
„ოსეთი რუსეთის იმპერიაში 1774 წელს მთლიანად – ჩრდილოეთი და სამხრეთ ნაწილებით შევიდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო; აფხაზეთი 1810 წელს, ასევე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც სამთავრო. შემდეგ სამხრეთ ოსეთი თბილისის გუბერნიაში შევიდა, არ ყოფილა არავითარი საქართველო. როდესაც დაიშალა რუსეთის იმპერია, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ აფხაზეთის შთანთქმა სცადა. ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და გერმანული ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა. ოკუპანტები ძალიან მკაცრად იქცეოდნენ. უფრო მკაცრად მოიქცა ქართული ჯარი ოსეთში, 1919-1920 წლებში. ეს არის ის, რასაც დღეს გენოციდს უწოდებენ. ეს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ კარგად უნდა იცოდეს. არ შეიძლება ამის დავიწყება, თუ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სურს ურთიერთობების დალაგება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სტალინის დროს შეიქმნა და აფხაზეთი მისი ნაწილი გახდა. ენკავედე-მ ბერიას ხელმძღვანელობით აფხაზეთში უმკაცრესი ზომები მიიღო, რომელთა მიზანი საქართველოს მიერ აფხაზეთის შთანთქმა იყო. ეს მძიმე მემკვიდრეობა თანამედროვე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა“, – განაცხადა პუტინმა.