“რატომ არ აქვს წარდგენილი ბრალი ლევან ბუხაიძეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და წამებისთვის?”
დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი კუდის ყოფილი თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს. როგორც ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ განაცხადა, მათი დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე „კპზ“-ს ნაცვლად ოქროყანის ტყეში წაიყვანეს. ამავდროულად, ადვოკატს უკვირს, თუ რატომ არ აქვს ლევან ბუხაიძეს ბრალი წარდგენილი სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და წამებისთვის.
„კუდის თანამშრომლებს სანდრო გირგვლიანი არც უწამებიათ და არც მოუკლავთ. მათი დანაშაული, რაზეც მათ პასუხი უკვე აგეს, არის ის, რომ სანდრო გირგვლიანი “კპზ”-ს ნაცვლად ოქროყანის ტყეში წაიყვანეს. იქ განხორციელდა ძალადობა ბუხაიძის მიმართ, იმიტომ რომ გირგვლიანი გაექცათ. საქმის მასალებით უტყუარად დადგენილია, რომ ეს ყველაფერი 15 წუთში დამთავრდა….ძალადობა და ის უმსგავსოები. კუდის თანამშრომლები უკან 15 წუთში არიან წამოსულები. დანარჩენი მოვლენები შემდგომ განვითარდა. იქ ტყეში იყვნენ ბუხაიძე და გირგვლიანი. რა მოხდა იქ, აი, ამაზეა პასუხი გასაცემი. თუმცა, პასუხი მაინც არის გაცემული, იმ თვალსაზრისით, რომ საქმის მასალებით ყველაფერი თვალნათლივ ჩანს… იქ არის მომხდარი ის, რომ გირგვლიანი ჯერ მოკლულია, შემდგომ კი კვალის დაფარვის მიზნით, მას სხეულზე მჭრელი საგნით მიაყენეს ჭრილობები, ზურგით ათრიეს და ტყეში, შემთხვევის ადგილიდან კილომეტრნახევარში დააგდეს. მე ვერ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმციას. თუმცა, ძალიან მიკვირს, რატომ არ აქვს წარდგენილი ბრალი აქემდე ბატონ ლევან ბუხაიძეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და წამებისთვის?”, – განაცხადა დათა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა „იმედის“ ეთერით.