“საერთაშორისო გამჭვირვალობა”: საქართველოში პრობლემად რჩება კორუფციის რისკები
“საქართველოში პრობლემად რჩება კორუფციის რისკები, რომლებიც ყოფილი თანამდებობის პირების კერძო სექტორში გადანაცვლებას უკავშირდება”, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაშია ნათქვამი.
მათივე განმარტებით, ყოველივე ამის მიზეზი, ერთი მხრივ, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმის ხარვეზები, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ნორმის პრაქტიკაში აღსრულების მექანიზმის არარსებობაა.
“ბოლო წლების საყურადღებო შემთხვევები:
ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარიამ ვალიშვილის დანიშვნა “სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მრჩევლად.
თბილისის მერის ყოფილი მოადგილე ნატო ქიტიაშვილის დანიშვნა „m² უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორის მოადგილედ ნებართვების, ლიცენზიებისა და იურიდიული მხარდაჭერის საკითხებში.
საგზაო დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე გივი ჩოჩიას გადასვლა თურქულ კომპანია POLAT YOL & MAPA-ში, რომელმაც ბათუმის შემოვლითი გზის 329 მილიონ ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო.
საგზაო დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ზაზა სიმონიას გადასვლა ჩინურ კომპანია “Sinohydro”-ში, რომელიც 253 მილიონ ლარად ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთს აშენებს (მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სიმონია იმ სატენდერო ჯგუფის წევრი იყო, რომელმაც “Sinohydro”-ს დაფინანსება მისცა).
საგზაო დეპარტამენტის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ხერგიანის გადასვლა კომპანია “დოჰვა ინჟინერინგში”, რომელიც საგზაო სამუშაოების შესრულებას უწევს მონიტორინგს (მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხერგიანი იყო იმ კომისიის წევრი, რომლის გადაწყვეტილებითაც ამ კომპანიამ ტენდერები მოიგო).
რა უნდა გაკეთდეს რეგულირების გასაუმჯობესებლად:
კანონს დაემატოს შესაბამისი ტერმინების განმარტებები (ან შეიცვალოს შესაბამისი ნორმის ამჟამინდელი ფორმულირება), რათა აღმოიფხვრას ორაზროვნება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი კატეგორიის შემთხვევებზე ვრცელდება კანონით განსაზღვრული შეზღუდვები.
კანონით მკაფიოდ განისაზღვროს უწყება, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ყოფილი თანამდებობის პირების მიერ კანონის მოთხოვნების დაცვას.
კანონით დადგენილი შეზღუდვები გავრცელდეს სახელმწიფო საწარმოების ყოფილ ხელმძღვანელ პირებზე იმ შემთხვევებში, სადაც ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკები არსებობს”, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში.