დავით ბაქრაძე: მთელი ეს პროცესი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ რუსეთი ყოველთვის გამოიყენებს ზეწოლის მექანიზმებს
“ძალიან სამწუხაროა, რომ პუტინის შეფასება შექმნილი ვითარების აღმოჩნდა უფრო ადეკვატური, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტისა და მთლიანად საქართველოს ხელისუფლების”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ცალსახად კარგია, რომ სანქციები არ იქნება შემოღებული, მაგრამ ეს არ ხდება იმიტომ, რომ რუსეთს საქართველოსთვის სიკეთე უნდა.
“სანქციების არშემოღება ცალსახად კარგია, მაგრამ მთელი ეს პროცესი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ რუსეთი ვერასოდეს იქნება საქართველოს სანდო პარტნიორი. მთელი ეს პროცესი გვაჩვენებს, რომ რუსეთი ყოველთვის გამოიყენებს ზეწოლის მექანიზმებს, სანქციების შემოღება არის ზეწოლის მექანიზმი, შემოღებით მუქარა და შემდეგ არ შემოღება, ასევე, არის ზეწოლისა და პროპაგანდის მექანიზმი. ჩვენი ეკონომიკური განვითარება გადის არა იმაზე, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს პრეზიდენტი პუტინი და რომელი საშუალების გამოყენებას გადაწყვეტს ის საქართველოს ეკონომიკაზე ზეწოლისთვის, ჩვენი დაცული და უსაფრთხო მომავალი გადის ევროპის ბაზარზე, ევროკავშირში გაწევრიანებასა და ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებაზე”, – განაცხადა ბაქრაძემ.
“რაც შეეხება საქართველოს მიმართ სანქციების დაწესებას – მე ამას არ გავაკეთებდი სწორედ ქართველი ხალხის პატივისცემის გამო”, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გატარებასთან დაკავშირებით დუმას რეკომენდაციას.
ცნობისთვის, დღეს რუსეთის სახელმწიფო დუმამ ქვეყნის მთავრობას საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესების რეკომენდაცია მისცა.
დოკუმენტში, რომელსაც ყველა ფრაქციამ დაუჭირა მხარი, რუსი დეპუტატები კატეგორიულად გმობენ “საქართველოში უწყვეტ ანტირუსულ პროვოკაციებს” და მთავრობას ეკონომიკური სანქციების მიღებას ითხოვენ.
საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების მიღების მომხრე 412 კანონმდებელი იყო.