დავით მათიკაშვილი: პუტინს საქართველოზე გული არ შესტკივა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის საქართველოსთვის სანქციების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს. მისი თქმით, პუტინს საქართველოზე გული არ შესტკივა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაბმული მავთულხლართებითაც კარგად ჩანს.
„რა გითხრათ ახლა, პუტინს როგორ შესტკივა გული. შეგიძლიათ, ჩაბრძანდეთ ზუგდიდში, გადაბრძანდეთ ხიდზე და ნახავთ; ასევე, ცხინვალის რეგიონში, მავთულხლართებთან რომ მიხვალთ, იქ ნახავთ, როგორ შესტკივა პუტინს საქართველოზე გული. პუტინს საქართველოზე გული არ შესტკივა, მაგრამ ერთი ჟურნალისტის აბსოლუტურად გააზრებული თუ გაუაზრებელი განცხადების გამო ასე ღრმად გართულება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისა, რა თქმა უნდა, არ იყო სწორი“, – აღნიშნა მათიკაშვილმა “პირველ არხთან” საუბრისას.
ცნობისათვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს.