თამარ ჩუგოშვილი: ყველამ ვიხილეთ უმძიმესი კადრები შტურმის და შეტევის, რომელიც თითქოს არ ყოფილა, „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ მოვუსმინოთ
ყველამ ვიხილეთ უმძიმესი კადრები შტურმის და შეტევის, რომელიც თითქოს არ ყოფილა, „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ მოვუსმინოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა, ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში განაცხადა.
პარლამენტარი ამ მოვლენების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების აუცილებლობას უსვამს ხაზს.
,,ტრაგიკულია, რომ შტურმის მოგერიების დროს ძალის გამოყენება უბრალოდ გარდაუვალი გახდა. 80 პოლიციელი იყო მათ შორის დაშავებული – 30 პოლიციელი შეათრიეს ბრბოში და მათ საშინელი დაზიანებები მიიღეს. პირდაპირ ყველამ ვიხილეთ უმძიმესი კადრები ამ შტურმის და შეტევის, რომელიც თითქოს არ ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს რომ მოვუსმინოთ, თითქოს მოგველანდა ეს ყველაფერი და თითქოს არ გვინახავს ამ მოვლენების ცოცხალი კადრები.’’- განაცხადა ჩუგოშვილმა.
დეპუტატის თქმით, ასეთმა ქმედებებმა ძალის გამოყენება გარდაუვალი გახადა და მძიმე შედეგები დააყენა და მივიღეთ დაზიანებული ადამიანები, რომლებმაც მიიღეს მათ შორის ისეთი დაზიანებები, რომლებიც შეუქცევადია. ჩუგოშვილი ადამიანების დაშავებას ტრაგედიად აფასებს, ასევე ხაზს უსვამს რომ ძალის გამოყენების გარეშე შტურმის მოგერიება შეუძლებელი იყო.
,,ფიზიკურად შეუძლებელი იყოს შტურმის მოგერიების დროს ძალის გამოუყენებლობა, უბრალოდ ამის სივრცე აღარ იყო. სამართალდამცავები საათების განმავლობაში იდგნენ და ითმენდნენ სადამდეც შეეძლოთ, ფიზიკურად სადამდეც უძლებდნენ ამ თავდასხმებს” – ამბობს დეპუტატი და ხაზს უსვამს, რომ ამ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ვინც მშვიდობიანი პროტესტი პარლამენტთან შტურმში გადაიყვანა.