ირაკლი ბერაიამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კონტრტერორისტულ კომიტეტს სიტყვით მიმართა

ლუქსემბურგში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიის ფარგლებში, 5 ივლისს, კონტრტერორისტული კომიტეტის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მთავარ საკითხს სახელმწიფოების მიერ ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების იმპლემენტაცია წარმოადგენდა.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ კომიტეტს საქართველოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები გააცნო და ზოგადად, ტერორიზმთან ბრძოლის სფროში საქართველოს წარმატებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველომ ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

“ჩვენი ქვეყნის კონტრტერორისტული საქმიანობა როგორც პრევენციულ, ასევე დაცულობისა და მზადყოფნის ღონისძიებათა ერთობლიობას მოიცავს. საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ, ასევე, საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების იმპლემენტაციის მიზნით, დაიხვეწა სამართლებრივი ბაზა, რასაც ემყარება ტერორიზმის წინააღმდეგ პრაქტიკული საქმიანობა. განსაკუთრებულ მნიშვნელობა ენიჭება სასაზღვრო უსაფრთხოებას, ოპერატიული და სხვა სახის ინფორმაციის გაცვლას, უწყებათაშორის კოორდინაციას და საერთაშორისო თანამშრომლობას”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წამყვანი და მაკოორდინირებელი როლი, რომელიც ეფექტიანად ახორციელებს ტერორისტული საფრთხეების პრევენციას, გამოვლენასა და ნეიტრალიზებას.

საქართველოს ტერორიზმთან ბრძოლა მხოლოდ ადგილობრივი და რეგიონული ღონისძიებებით არ შემოიფარგლება. ქართველი დეპუტატის თქმით, ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (ავღანეთში) და “ისლამული სახელმწიფოს” წინააღმდეგ კოალიციაში საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეების წარმოშობის კერაშივე აღკვეთას ემსახურება. სწორედ ამ ერთიანი მიდგომისა და კომპლექსური ძალისხმევის შედეგია ტერორისტული საფრთხეებისგან ჩვენი ქვეყნის დაცულობა და ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესის ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მიერ აღიარება.

ირაკლი ბერაიამ კონტრტერორისტულ საქმიანობაზე საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტიანობასა და მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

“მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ამ ტერიტორიებზე ჩვენი იურისდიქციისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების გავრცელების შეუძლებლობა, ხელსაყრელ გარემოს ქმნის ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკების, რადიოაქტიური მასალების უკანონო ბრუნვისთვის და ტერიტორიული საქმიანობისთვის, რაც საფრთხის შემცველია მთელი რეგიონისთვის. აუცილებელია განხორციელდეს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, რაც საერთაშორისო საზოგადოების აქტიურ და პრინციპულ ძალისხმევას მოითხოვს”, – აღნიშნა ბერაიამ გამოსვლის დასასრულს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესია 2019 წლის 4 – 8 ივლისს, ლუქსემბურგში იმართება და მასში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები