ირაკლი ჩიქოვანი: ბათუმის კონფერენციამ უკვე დიდი როლი შეიძინა საერთაშორისო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში

„საქართველოს მთავრობა 11-12 ივლისს ბათუმში უმნიშვნელოვანეს კონფერენციას მასპინძლობს, რომელმაც თავისი როლი შეიძინა საერთაშორისო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ კონფერენციას დაესწრება უმაღლესი დონის დელეგაცია, რომელთა შორის არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ევროკომისარი, ესტონეთის პრემიერმინისტრი და რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.
“აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებში საქართველო არის ყველაზე წარჩინებული ქვეყანა, რომელმაც შეძლო, სრულად გამოეყენებინა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” აბსოლუტურად ყველა პროგრამა და მიმართულება, რისი მონაწილეებიც არიან ჩვენი თანამოქალაქეები. ყველაზე თვალსაჩინო და ხელშესახები იყო უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და, რა თქმა უნდა, რაც ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, საქართველო არის ევროპასთან ასოცირებული სახელმწიფო. ის გზა, რაც ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში გავიარეთ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. გატარდა ძალიან ბევრი რეფორმა და საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთ მაღალ დონეზე, როგორც დღეს არის. ჩვენ ეს დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ და შესაბამისი მზაობა არსებობს როგორც საქართველოს, ასევე – ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
პრემიერის მრჩევლის ინფორმაციით, ბათუმის კონფერენციის ფარგლებში საუბარი შეეხება საქართველოს პროგრესსა და გზას, რომელიც მის კიდევ უფრო ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას გულისხმობს.
“საქართველო კიდევ უფრო მეტად ევროპული სახელმწიფო გახდება, რომელსაც ექნება აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი იმისათვის, რომ როდესაც ასეთი სტრატეგიული მომენტი და დრო დადგება, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. საქართველოს მიზანია, მზად იყოს აბსოლუტურად ყველა იმ რეფორმისა და სტანდარტების ჩამოსაყალიბებლად, რომელიც არსებობს ევროკავშირის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში”, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები