გოჩა ჯოჯუა პროპორციულ სისტემაზე: პრობლემები პარლამენტში გადაწყდება და არა – ქუჩაში

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის, გოჩა ჯოჯუას განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პროგრესული ნაბიჯია. ამის შესახებ ჯოჯუამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროპორციული სისტემა ბევრი პოლიტიკური პარტიის დიდი ხნის ამოცანა იყო.
„ჩემთვის მთავარი ამოსავალია  ის, რაც დიდი ხნის ამოცანა იყო – შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა. ამ საკითხებზე გვქონდა დავა, ბრძოლა როგორც წინა ხელისუფლებასთან, ასევე – 2012 წელსაც, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, იყო ეს საკითხები დასმული. ორივე შემთხვევაში იყო შანსი, გასულიყო პროპორციული სისტემა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღესაც დეკლარირება გაკეთებულია, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მიზანი მიღწეულია. რთული გზაა გასავლელი და ვფიქრობ, სჭრიდება კონსოლიდირება როგორც ოპოზიციაში, ასევე – ხელისუფლებაში.
თუ მოხერხდა ის, რომ ის აზროვნება, სპექტრი, ჯგუფები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, აისახება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მაშინ პრობლემები იქ გადაწყდება და არა – ქუჩაში. აქედან გამომდინარე, ეს არის პროგრესული ნაბიჯი და სწორედ ამიტომ ვიყავი „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე. რაც შეეხება იმას, რატომ ვიყავი გაერთიანებულ ოპოზიციაში, რომელიც ერთ-ერთი თანამონაწილეა იმ პროცესისა, რასაც ჰქვია ინტერპარტიული ჯგუფი, რომელმაც მოამზადა და შეიტანა 200 ათას ხელმოწერაზე მეტი იმისათვის, რომ საკანონმდებლო ცვლილება განხორციელებულიყო – ჩემთვის მთავარია, რომ ეს სისტემა გავიდეს. არ არის დრო, რომ ორპოლუსიან დაპირისპირებაზე გადავიდეთ და ისევ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მოხდეს ძირითადი პოლიტიკური სპექტრის გაყოფა. ოპოზიციურ პარტიებს შორის საჭიროა გარკვეული კონსენსუსი იყოს შენარჩუნებული და, დაპირისპირებების ნაცვლად, მივაღწიოთ, ჯერჯერობით, მთავარ მიზანს, საკონსტიტუციო კომისიამ დაიწყოს განხილვები“, – განაცხადა გოჩა ჯოჯუამ.
ცნობისთვის, ხელისუფლება თანახმაა, საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართოს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები