ნიკა მელია: ეს სამაჯური არის კომიკური, რადგან ივანიშვილს ეს დასჭირდა ჩემს ხელზე, ესე იგი, ეშინია

ღიმილისმომგვრელიც არის ეს ბიჟუტერია ივანიშვილისგან. ეს სამაჯური არის კომიკური, რადგან ივანიშვილს ეს დასჭირდა ჩემს ხელზე, ესე იგი, ეშინია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ხელზე ელექტრონული სამაჯურის დამაგრების შემდეგ განუცხადა.

ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საკუთარ სახლში დაუმაგრეს.

როგორც მელია განმარტავს, მისთვის აღნიშნული ელექტრონული მონიტორინგი არაფერს ცვლის, თუმცა, ხელისუფლების მარცხს აჩქარებს.

„ეს სამაჯური არის კომიკური. როგორ შეიძლება მოქმედი დეპუტატი, რაც არ უნდა მოგწონდეს…თუ უმტკიცებ ბრალეულობას და აბრალებ იმას, რასაც აბრალებ, მე სახლში არ უნდა ვიყო, უნდა ვიყო იქ, სადაც უნდოდა ივანიშვილს და შეიცვალა ეს გადაწყვეტილება ერთ ღამეში. ეს მოწყობილობა, რომელსაც მე ბიჟუტერიას ვეძახი – საჩუქარი ხელისუფლებისგან, მე კი არ მამცირებს, ხელისუფლებას ამცირებს პირველ რიგში და აჩქარებს მის ყოფნას ხელისუფლებაში. მან მთავარი ვერ გაიაზრა და მთავარს ვერ მიხვდა, თუ რამ გამოიწვია ამხელა ვნებთაღელვა საზოგადოებაში, რადგან საზოგადოებამ ეს ხელისუფლება ღალატში ამხილა. ნაცვლად იმისა, რომ უმძიმეს პოლიტიკურ დანაშაულზე, რომელშიც მხილებულია ივანიშვილი, ადეკვატრური რეაგირება იყოს, დარბის და რაღაცას იგონებს ნირწამხდალი, ფერმკრთალი, უამოცანო ხელისუფლება, რომელსაც შერჩა ბიძინა ივანიშვილის სახით ბევრი ფული, მაგრამ ფულს მსყიდველობითუნარიანობა დაკარგული აქვს და აღარ იცის როგორ მართოს ის პროცესები, რომელსაც წლების განმავლობაში მართავდა. ამას პოლიტიკური აგონია ჰქვია”, – განაცხადა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები