დავით ჭიჭინაძე: ,,სახალხო ტრიბუნის” უპირველესი მიზანია ხალხის ხმა სწორედ ხელისუფლებას გააგებინოს
მოძრაობის „სახალხო ტრიბუნა“ უპირველესი მიზანია ხალხის ხმა სწორედ ხელისუფლებას გააგებინოს. დღეს კი, ეს კარგად და საკმაოდ ოპერატიულად გამოგვივიდა, – ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
საბანკო კრედიტები, მოტყუებული და გადაგდებული მოსახლეობა, ყურძნის და ატმის ფასი, ჩავარდნილი ტურიზმი, საყოფაცხოვრებო პრობლემები – ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ პატარა ჩაილურის ციხესთან საგარეჯოს რაიონის მოსახლეობა შეიკრიბა.
როგორც ,,კვირას” აცნობეს, შეკრების ერთადერთი მიზანი მთავრობის ყურადღების მიპყრობა და წლებისწინანდელი დაპირებების ასრულება იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრება.
,,გლეხებმა ამ პრობლემებზე სასაუბროდ მოძრაობა “სახალხო ტრიბუნის“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე მიიწვიეს. თუმცა შეკრებილი მოსახლეობის რაოდენობამ, როგორც ჩანს, ზომაზე მეტად შეაშფოთა ადგილობრივი ხელისუფლება. შეხვედრა დაწყებულიც არ იყო, თავად კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი მოვიდა, მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად.
გუბერნატორმა გლეხებს სთხოვა, რომ “ოღონდ ახლა დაიშალეთ და შაბათს დილიდან სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მინისტრებს ჩამოგიყვანთო.“
მოძრაობის “სახალხო ტრიბუნა“ ლიდერი კი, თავის მხრივ დაჰპირდა მოსახლეობას, რომ პირადად გააკონტროლებს გუბერნატორის დაპირებები რომ დროულად შესრულდეს,” – ნათქვამია ,,სახალხო ტრიბუნის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.