მარიამ ჯაში: დარწმუნებული ვარ ჩემი ნაბიჯის სისწორეში, ჩემთვის მმართველი გუნდის ნებისმიერი გადაწყვეტილება მისაღები იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის თქმით, განსხვავებული პოზიცია გუნდს აძლიერებს, ამიტომ მისთვის მმართველი პარტიის ნებისმიერი გადაწყვეტილება მისაღები იქნება.
ის მზადაა გუნდში დისკუსიისთვის, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთან დაკავშირებული საკითხის კენჭისყრაში.
„საზოგადოებისთვის ცნობილია ჩემი თავდაპირველი პოზიცია. მე იმდენად დარწმუნებული ვარ იმ ნაბიჯის სისწორეში, რომელიც გადავდგი, რომ მზად ვიყავი ჩემს გუნდთან შემდგომი დისკუსიისთვის. პირველი შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში დასრულდა იმ შედეგით, რომელიც საზოგადოებისთვის იყო ცნობილი. თუ დამატებითი კონსულტაციები და განხილვა გახდა საჭირო, მე მზად ვარ ამისთვის და აბსოლუტურად მისაღები იქნება გუნდის ნებისმიერი გადაწყვეტილება. ვრჩები იმ პოზიციაზე, რომ განსხვავებული პოზიცია მხოლოდ აძლიერებს გუნდს.
თუ იქნება ალტერნატიული გადაწყვეტილება მიღებული, ბუნებრივია, ამას გავითვალისწინებ. ეს ჯანსაღი პროცესია“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.