საქართველოში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ჩამოვიდნენ
რუსული ოპოზიციური პარტია “იაბლოკოს” დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ვიზიტი პუტინის მიერ რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენის აკრძალვამდე 1 კვირით ადრე განახორციელეს.
თბილისში პარტიის წარმომადგენლები “იაბლოკოს“ თავმჯდომარის თანაშემწე ალექსანდრ გნეზდილოვთან ერთად იმყოფებიან და “ქართულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ძალებთან“ შეხვედრას აპირებენ.
“ახლა, როდესაც რუსულ სახელისუფლებო მედიაში საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამდენი სპეკულაციაა, ჩვენ გადავწყვიტეთ ყველაფერი საკუთარი თვალით გვენახა. რთულ დღეებში კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ვალია, ერებს შორის ხიდების აშენება და არა – მათი დაწვა. ჩვენი გამომგზავრება – მშვიდობისა და კეთილმეზობლობის ვიზიტია, ასევე პატივისცემაა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიმართ,“ – ამბობს ალექსანდრ გნეზდილოვი.