გია ვოლსკი: დარჩებიან თუ არა რომან კაკულია და მარიამ ჯაში კომიტეტის თავმჯდომარეებად, მათი გადასაწყვეტი არაა, ამაზე გუნდი იმსჯელებს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, დარჩებიან თუ არა რომან კაკულია და მარიამ ჯაში კომიტეტის თავმჯდომარეებად, ამაზე გუნდი იმსჯელებს. როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მეტი დაფიქრება მართებს ყველას, მათი კოლეგა იქნება თუ სხვა.
„მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენმა კოლეგებმა მთავარი ვერ გაიგეს, რომ საუბარი პარლამენტის წევრის დაპატიმრებაზე არ იყო, არამედ საუბარი იმაზე იყო, რომ პარლამენტის წევრის უფლებები გაეთანაბრებინათ ჩვეულებრივი მოქალაქის უფლებებთან, რომლის მიმართაც პროკურატურას შეიძლება, ჰქონდა პრეტენზიები და, მით უმეტეს, მიმართავდეს სასამართლოს. სასამართლო გადაწყვეტს საკითხს და არა – პარლამენტი. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს, ჩვენი კოლეგა იქნება თუ სხვა.
დარჩებიან თუ არა ისინი გუნდში, ეს მათი გადასაწყვეტი არ არის, ამაზე გუნდმა უნდა იმსჯელოს. არ შეიძლება, ასეთი საკითხები უყურადღებოდ დარჩეს. მე ამ ადამიანების მიმართ მაქვს გარკვეული პრეტენზიები, თუმცა ასეთი საკითხი უფრო სერიოზულად უნდა იყოს განხილული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.