კახა კალაძე „ნაცმოძრაობაზე”: მათთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, როგორმე დააზიანონ ქვეყანა, მოაწყონ გადატრიალება
“მათთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, როგორმე დააზიანონ ქვეყანა, მოაწყონ გადატრიალება, ხალხი დაუპირისპირონ ერთმანეთს, იყოს გადატრიალების, დამხობის მცდელობა. ეს არავის გამოუვა”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული, რაც საზოგადოების მოთხოვნაა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ყველა თანხმდება და კონსენსუსია მიღწეული იმაზე, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისკენ, რომ ქვეყანა დემოკრატიულად განვითარდეს, პარლამენტი იყოს მრავალპარტიული. ამაზეც, რა თქმა უნდა, მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რამდენი პარტია იქნება მომდევნო 2020 წლის პარლამენტში, ვინ იქნებიან კონკრეტულად ეს სუბიექტები. მოსახლეობა მიიღებს ამაზე გადაწყვეტილებას, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობა”, ფაქტობრივად, ემიჯნება ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ მოვისმინეთ მათი ლიდერის არაერთი განცხადება ამასთან დაკავშირებით. სატყუარა თუ რაღაც დაარქვა ამ პროცესებს, რაც კატეგორიულად მიუღებელი და გაუგებარია ჩემთვის. მათთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, როგორმე დააზიანონ ქვეყანა, მოაწყონ გადატრიალება, ხალხი დაუპირისპირონ ერთმანეთს, იყოს გადატრიალების, დამხობის მცდელობა. ეს არავის გამოუვა”, – განაცხადა კალაძემ.