თამარ ხულორდავა: საქართველოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ ცხადია, თუმცა ხალხთაშორისი ურთიერთობის წინააღმდეგი არავინაა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თქმით, საქართველოს პოზიცია რუსეთის პოლიტიკური წრეების განწყობის მიმართ ცხადია, თუმცა ხალხთაშორისი ურთიერთობის წინააღმდეგი არავინაა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა უნდა წავიდეს ნორმალიზებისა და დამშვიდებისკენ.
„საქართველოს მიდგომა და პოლიტიკა, ზოგადად, რუსეთის მიმართ არის ძალიან ცხადი და ნათელი. ჩვენი პოლიტიკა არასდროს ყოფილა მიმართული და არ იქნება რუსი ხალხის მიმართ, ანუ თუ ტურისტი აქ ჩამოდის და, კანონის მოთხოვნების დაცვით, ჩვენი ქვეყნის სიკეთეებით აღფრთოვანდება, ამაში ცუდი არაფერია. მგონი, არცერთი შემთხვევა ყოფილა, არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში, რომ რამე მომხდარიყოს ეთნიკური ნიშნით რუსების წინააღმდეგ. ეს ფაქტი, უბრალოდ, არის ექსპლუატირებული, ასე ვთქვათ, გამოყენებული ამ პროცესში რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ისევ ჩვენზე ზეწოლისთვის.
ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია რუსეთის პოლიტიკური წრეების განწყობის მიმართ, მათი პოლიტიკური კლასის მიმართ, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია არის მყარი, არ შეცვლილა და არის ერთიანი, როგორც გუშინწინ, ისე გუშინ, დღეს და ხვალაც ასე იქნება, სანამ რუსეთი თავის პოზიციას არ შეიცვლის. რაც შეეხება ხალხთაშორის ურთიერთობებს – ამის წინააღმდეგი ჩვენ არასდროს ვყოფილვართ. არანაირად ანტირუსული განწყობების გაძლიერება იქნება ეს, თუ, ზოგადად, რაღაც დაძაბულობების შემოტანა ჩვენს ურთიერთობებში, არავის აწყობს, თავისთავად. ჩვენ უნდა წავიდეთ სიტუაციის ნორმალიზებისკენ, დამშვიდებისკენ, მაგრამ იმ განწყობითა და იმ მოცემულობის აღიარებით, რომელშიც ვართ. გვინდა, მშვიდობიანი ურთიერთობა რუსეთთან, ამავე დროს, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პოლიტიკური უთანხმოება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოსთვის, ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთის მიერ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა“, – განაცხადა ხულორდავამ.