ვლადიმერ კონსტანტინიდი დავით გარეჯის საკითხზე: დღეისათვის მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან
“დღეისათვის მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან, რათა შემდეგი ნაბიჯები, შემდეგი რაუნდი შეთანხმდეს”, – ამის შესახებ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.
მისი თქმით, იგეგმება ექსპერტების გასვლა ადგილზე, ასევე, ტექნიკური სამუშაოები და ა.შ.
„გარკვეული პაუზის შემდეგ განახლდა ერთობლივი კომისიის მუშაობა. ეს პაუზა გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. როგორც კი განახლდა შემადგენლობა, პირველი რაუნდი ჩატარდა აზერბაიჯანის დედაქალაქში. შეხვედრა გაიმართა კონსტრუქციულ ატმოსფეროში, როგორიც შეესაბამება ჩვენს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან. დღეისათვის მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან, რათა შემდეგი ნაბიჯები, შემდეგი რაუნდი შეთანხმდეს. იგეგმება ექსპერტების გასვლა ადგილზე, ასევე, ტექნიკური სამუშაოები და ა.შ. არსებული სადემარკაციო და სადილიმიტაციო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ყველა საკითხი, როგორც შინაარსობრივი, ასევე – ტექნიკური ხასიათის თუ საორგანიზაციო ხასიათის, გადაწყდება ამ ერთობლივი კომისიის მუშაობის ფარგლებში. საერთოდ ერთი შეხვედრა ან რომელიმე სამუშაოს ერთი რომელიმე ნაწილი არ არის გათვლილი იმაზე, რომ საბოლოო შედეგები მივიღოთ. ბევრი შეხვედრა იქნება გასამართი, რომ კონკრეტულ შედეგებზე გავიდეთ”, – განაცხადა კონსტანტინიდმა.
მან, ასევე, მოუწოდა მოსახლეობას, დავით გარეჯთან დაკავშირებით ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.
“რაც შეეხება ბილიკების გაყვანასთან დაკავშირებულ ბოლო ინფორმაციას – ეს უკვე არსებული ბილიკების სარემონტო სამუშაოებია. ეს არ ნიშნავს, რომ იქ, ადგილზე ახალი ბილიკების ან გზის გაყვანა დაიწყეს. დიდი თხოვნა იქნება როგორც მედიასთან, ასევე – სოციალურ ქსელებში აქტიურ ჩვენს მოქალაქეებთან, გადაუმოწმებელ, დაუდასტურებელ ინფორმაციას ნუ გაავრცელებენ იმიტომ, რომ ამან შეიძლება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედოს”, – აღნიშნა კონსტანტინიდმა.