“საქართველო პატარა ბავშვი არაა, რომელმაც რაღაც გააფუჭა და უნდა ეპატიოს” – რუსი დეპუტატი ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვას ითხოვს
“საქართველო, თითქმის, 30 წელია, დამოუკიდებელი სახელმწიფოა და საკუთარ ნაბიჯებზე პასუხი უნდა აგოს. ვფიქრობ, უნდა მივიღოთ ზომები – სანქციები”, – ამ წინადადებით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჯაბაროვი დუმაში გამოვიდა. ის მოითხოვს, რომ საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციები დაუწესდეს, კერძოდ, მას ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვა სურს.
მისივე თქმით, საქართველო პატარა ბავშვი არაა, რომელმაც რაღაც გააფუჭა და უნდა ეპატიოს.
“საქართველო თითქმის 30 წელია, დამოუკიდებელი სახელმწიფოა და საკუთარ ნაბიჯებზე პასუხი უნდა აგოს. ვფიქრობ, უნდა მივიღოთ ზომები – სანქციები. მე საერთოდ არ მომწონს, როდესაც ამბობენ, რომ ქართული ღვინის ხარისხი გაუარესდა. ეცინებათ, ასეთ ინფორმაციას რომ კითხულობენ. ვფიქრობ, უნდა ითქვას, რომ რადგან საქართველო მოიქცა ასე არამეგობრულად, ჩვენ ჯერ არ გვინდა, ვივაჭროთ მასთან. არ გვინდა, რომ თქვენ ფული გამოიმუშაოთ ამ ქვეყანაში. თუ თქვენ რუსეთს აგრესორად თვლით, კეთილი ინებეთ, სხვა ქვეყნებს მიჰყიდეთ თქვენი ღვინო და სხვა პროდუქცია”, – ამბობს ჯაბაროვი.
რუსი დეპუტატის თქმით, აუცილებელია, რომ საქართველომ რუსეთთან ურთიერთობების გაუარესების ეკონომიკური შედეგები უნდა იგრძნოს.
“თუ ვერ იგძნობს, რომ ამით დაზარალდა, მეორადაც იგივეს გაიმეორებს. ქართული ღვინის ბაზარი რუსეთში მიზერულია და ეს ნიშა შეივსება ჩილეს, ფრანგული თუ იტალიური ღვინით. ბოლო დროს, ჩვენც შესანიშნავ ღვინოს ვაწარმოებთ”, – დაამატა ჯაბაროვმა.
ამასთან, დეპუტატის თქმით, სანქციები არა ქართველი ხალხის, არამედ, პირველ რიგში, ხელისუფლებისკენ უნდა იყოს მიმართული.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო გამოსვლები რუსეთის ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ, ლოზუნგით – “რუსეთი ოკუპანტია” -19 ივნისს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მიზნით, თბილისში რუსი დეპუტატების ვიზიტს მოჰყვა. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელმაც 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში შეკრებილებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსულ ენაზე მიმართა. გენერალური ასამბლეის სხდომა მას შემდეგ ჩაიშალა, რაც “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა სპიკერატი დაიკავეს და ასამბლეას მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
ამავე დღეს პარლამენტის შენობასთან დაიწყო საპროტესტო აქცია, სადაც საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ. პოლიციამ აქცია ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. ამასთან, დაზიანებები მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო. სამმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქციები შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, მე-13 დღეა გრძელდება.
21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა საქართველოში ფრენები. ამასთან, ტუროპერატორებისა და აგენტებისთვის რეკომენდებულია, აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაციისგან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას შეეხება.