დავით ჭიჭინაძე: 93 დეპუტატი ნიკა მელიასთან ბრძოლაში დამარცხდა
“93 დეპუტატი ნიკა მელიასთან ბრძოლაში დამარცხდა”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მოძრაობა „სახალხო ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დავით ჭიჭინაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ნიკა მელიას საქმეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატიები მელიასთან მიმართებაში უსამართლოდ მოიქცნენ.
„ფაქტია, რომ ნიკა მელიასთან ბრძოლაში „ქართულმა ოცნებამ“ საკმაოდ დიდი ზიანი მიიღო. 93 დეპუტატი, პრაქტიკულად, მელიასთან ბრძოლაში დამარცხდა. ერთმა ადამიანმა მათ პოლიტიკური მომავალი წაართვა იმ გადასახედიდან, რომ ამ ადამიანებმა თავიანთი ფუნქცია, სიმართლეში გარკვევის მოვალეობა, ის თუ როგორ უნდა იცავდნენ კანონს, დაუთმეს მთავარ პროკურორს. მან ეს გამოიყენა არაკომპეტენტურად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებებში აისახა. რეალურად, გამოვიდა, რომ „ქართულ ოცნებას“, რამდენიმე ადამიანის გამოკლებით, პრაქტიკულად, არანაირი პოლიტიკური მომავალი და ბერკეტი დარჩა ხელში იმიტომ, რომ შენ თუ იმას ვერ აცნობიერებ, რომ შენს კოლეგასთან მიმართებით ემოციებით, ბოროტებით, არასამართლიანობით იქცევი. აქ მე უფრო მეტად დავინახე ნიკა მელიას მიმართ გაღიზიანება იმ 3, თუ 2,5-წლიანი ურთიერთობიდან გამომდინარე. პატარა კაცები არიან, გენერალური პროკურორის მოთხოვნას ამიტომ დაეთანხმნენ ასე ადვილად, არგუმენეტი იქ არ იყო. ის, რომ ხმოლოდ იმუნიტეტის მოხსნაზე იყო საუბარი, სიცრუეა. დადგენილებაში პირდაპირ ეწერა, რომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შუამდგომლობით შემოვიდა პოკურატურა. კარგად იცოდა „ქართულმა ოცნებამ“ რომ პატიმრობას უჭერდა მხარს. აქედან გამომდინარე , ვთვლი, რომ ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩდნენ, დისკრედიტებულები არიან იმიტომ, რომ კაცის დაჭერას უსაფუძვლოდ მისცეს მხარი. როგორ შეიძლება, რომ კაცი, რომელიც სხვის დაჭერას უსაფუძვლოდ , ყოველგავრი არგუმენტების გარეშე ხმას აძლევს, იყოს დეპუტატი?”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებულ წევრს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესდა. კერძოდ კი ნიკა მელია საცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას, ასევე, აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. გარდა ამისა, მას დაეკისრა საგამოძიებო ორგანოებისათვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება. მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.
თამუნა შეყილაძე