გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც ფიქრობს, რომ არჩევნების თემა არ არის ის რეალობა, რითაც შეიძლება, საზოგადოებაში პოლიტიკური პოზიცია განიმტკიცონ​

გაერთიანებულ ოპოზიციაში რეალურად ორია პარტიაა და შეიძლება, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ იყოს, დანარჩენი ერთკაციანი პოლიტიკური ინდმეწარმეები კი ელოდებიან, როდის მოხვდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

ამ განცხადებით გიორგი ვოლსკიმ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად შეიძლება, ნულოვანი ბარიერის შემოტანამ ე.წ გაერთიანებული ოპოზიცია დაქსაქსოს.

საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსი ბაქარ ბერეკაშვილი დაინტერესდა, არსებობს თუ არა საშიშროება, რომ პარლამენტის პროპორციული სისტემით არჩევით 90-იანი წლების პროცესები დაბრუნდეს, როცა საქართველოს ე.წ იმელის პარლამენტი ჰქონდა და საბოლოოდ, პოლიტიკურ ცხოვრებაში იმდენად სტიქიური მდგომარეობა შეიქმნა, საზოგადოების ნაწილი იძულებული გახდა, ერთი ადამიანისთვის მიემართა, რათა პროცესები მას წაეყვანა; მით უფრო, ამ დროის განმავლობაში, პარტიებს არც იდეოლოგიური ფორმაცია განუცდიათ, არც ღირებულებითი პლატფორმა ჩამოუყალიბებიათ და არც კომპრომისის კულტურა დაუსწავლიათ. აღნიშნულის პასუხად ვოლსკიმ განაცხადა, რომ დღეს, საზოგადოება არის გაცილებით სხვა და ის აღარ დაუშვებს, პარლამენტში 90-იანი წლების ყიყინი იყოს.

„დღეს, იმხელა ბოროტებასთან არიან გაიგივებული ადამიანები, ვინც ბოროტებაზე საუბრობენ, რომ პოლიტიკურ პარტიებში ზნეობის თემა მგონია აქტუალური, მაგრამ საზოგადოება სხვა არის“, -განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, პროპორციული არჩევნები მოიტანა არა კარგმა ცხოვრებამ, არამედ იმ დაძაბულობამ, რომელიც შეიქმნა.

„როცა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, პროპორციულ არჩევნებზე გადასულიყო, ეს არ იყო მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, როგორც აბრალებენ ხოლმე, რომ ყველა გადაწყვეტილებას ის იღებს. იქ ჩვენ ყველა ვზივართ, ყველას სიტყვა გვაქვს და ყველას სიტყვას თავისი წონა აქვს. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს სხვადასხვა შეხედულებები აქვს და ამის უზურპაციას ხომ არ გააკეთებ?! ხომ არ მოსპობ?! ამ ყველაფერს ბიძგი გარკვეულწილად, იმ პროცესებმა მისცა, რაც ახლა მიდის და ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ის, რომ არჩევნები პროპორციული იყოს, არა იმდენად პრაგმატული ტექნიკურ-პარტიული გადაწყვეტილებაა, რამდენადაც მორალურად სწორი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პირველი არხის ანალიტიკოსის, მათე გაბიცინაშვილის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა დიალოგის რესურსი, რათა ოპოზიციურ სპექტრთან შეთანხმება შედგეს, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ამ საკითხზე კონსულტაციებში არ შევა, ესე იგი, ის სხვა მიზანს ემსახურება.

„ვფიქრობ, პოლიტიკური გუნდი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, მაინც ფიქრობს, რომ არჩევნების თემა არ არის ის რეალობა, რითაც შეიძლება, საზოგადოებაში პოლიტიკური პოზიცია განიმტკიცონ. ამის უამრავი დასაბუთება გამაჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები