დავით ზალკალიანმა ბელარუსს ეროვნული დღესასწაული მიულოცა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბელარუსის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.
მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა ბელარუს ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ბელარუს და ქართველ ხალხს შორის მჭიდრო და ხანგრძლივი ურთიერთობები არსებობს.
„პოლიტიკურ თანამშრომლობასთან ერთად, ნაყოფიერად და ძალზედ აქტიურად ვითარდება ურთიერთობები სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში. საქართველოსთვის ბელარუსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წელს, სავაჭრო ბრუნვა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მივაღწევთ ჩვენი ქვეყნების მეთაურთა მიერ განსაზღვრულ ნიშნულსაც. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში, მინსკში, გაიხსნება ქართული სავაჭრო სახლი, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბელარუსში საქართველოსა და ქართული პროდუქტების კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას. განსაკუთრებული კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, ბელარუსი ტურისტების სულ უფრო მზარდი ინტერესი საქართველოს მიმართ.” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ საქართველოში განხორციელებულმა ვიზიტმა ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადასვლას.
მინისტრმა ბელარუს დიპლომატებს ბელარუსის რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახურის 100 წლის იუბილე მიულოცა.
დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ სასიხარულოა, ბელარუსის მიერ, მინსკში, მეორე ევროპული თამაშების წარმატებით მასპინძლობა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბელარუს ხალხს მშვიდობა, წარმატებები და კეთილდღეობა უსურვა.