დემონსტრანტები ჰონგ კონგის პარლამენტში შეიჭრნენ (ფოტო, ვიდეო)
საპროტესტო აქციის მონაწილეები, რამდენიმესაათიანი შტურმის შემდეგ, ჰონგ კონგის საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა South China Morning Post-ი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დემონსტრანტები დილიდანვე აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისინი პოლიციელების მისამართით კაუსტიკურ სოდას (ქიმიურ სოდას) ისროდნენ. შუადღისით კი მათ პარლამენტის შტურმით აღება გადაწყვიტეს, რისთვისაც აქციის მონაწილეები მეტალის ურნებს იყენებდნენ.
Hong Kong protestors break into the legislative complex, currently occupying. pic.twitter.com/3AvlCkppRX
— Sentinel (@StratSentinel) July 1, 2019
სამართალდამცველებს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა არ გამოუყენებიათ, მათი მისამართით მხოლოდ წიწაკის სპრეის ბომბები ისროლეს.
შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ექსტრადიციის კანონში შესატანი ცვლილებების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე ჰონგ კონგში. თუ კანონპროექტი დამტკიცდა, მაშინ ჩინეთს უფლება ექნება, ჰონგ კონგში დაკავებული პატიმრები ჩინეთის სხვა ნაწილში გადაიყვანოს და იქ გაასამართლოს.
12 ივნისს კი ჩინეთის საკანონმდებლო ორგანომ ექსტრადიციის კანონის განხილვა, ჰონგ კონგში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების გამო, გაურკვეველი დროით შეაჩერა.
თუმცა, საპროტესტო აქციები არ შეჩერებულა, მონაწილეები კანონპროექტის სამუდამოდ შეჩერებას მოითხოვენ.
ცნობისთვის, ჰონგ კონგი ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია, რომელიც მე-19-20 საუკუნეებში ბრიტანეთის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა. ის მხოლოდ 1997 წელს გადაეცა ჩინეთს იმ პირობით, რომ ჩინეთი არ ჩაერეოდა ჰონგ კონგის შიდა საქმეებში და იმუშავებდა პრინციპით – „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.