ილინოისის შტატში მცხოვრები სამი ქართველი ძმა, ანუ ნიჭიერი ქართველების ამერიკული პოპულარობა
ილინოისის შტატის ჩიკაგოს ერთ-ერთ გარეუბნის High School-ის ბიზნეს – კლასის ქართველმა მოსწავლემ სანდრო მაღრაძემ “DECA” სასწავლო-ბიზნეს კონკურსზე საკუთარი პროექტი წარადგინა. “DECA” სასწავლო ბიზნეს – კონკურსი ამერიკის პროფესიონალ წრეში საკმაოდ პრესტიჟულია და პოპულარობით სარგებლობს. ნიჭიერმა ქართველმა თავდაპირველად რეგიონალურ შეჯიბრებაზე გაიმარჯვა პროექტით Lomi royal, მან სასწავლო ბიზნესპროექტის თემად საქართველო აირჩია. ეს იყო 50 -გვერდიანი პროექტი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში სპორტული მაღაზიის Lomi royal -ის გახსნას განიხილავდა. ლოგოს პრეზენტაციაში სანდრომ ქართული სული, ხასიათი და ტემპერამენტიანი ბუნება კარგად წარმოაჩინა.
შემდეგი ეტაპი იყო ჯორჯიის შტატში ჩატარებული საერთაშორისო ჩემპიონატი. აქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 6 000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. საერთაშორისო ბიზნესის კატეგორიაში საკუთარი თემა 250-მდე მოსწავლემ წარადგინა. სანდროს პროექტმა ამ ჩემპიონატშიც დიდი მოწონება დაიმსახურა. იგი ToP 20- ში გავიდა და მედლით დაჯილდოვდა. ამ წარმატებების პარალელურად სანდრო სპორტშიც წარმატებულია, იგი სკოლის ბაზაზე არსებულ მძლეოსნობაშიც ვარჯიშობდა, ბარიერზე ხტომა მისი პრიორიტეტი იყო. შარშან მან ბოლო 17 წლის მანძილზე არსებული სკოლის რეკორდი მოხსნა. 300 -მეტრიან ბარიერზე ხტომაში მან მანძილი 40,39 წამში დაფარა. 2014 წლის სეზონზე კი მან საკუთარი რეკორდიც 39.63 წამში მოხსნა.
სანდრო ილინოისის შტატის ჩემპიონატისთვის კვალიფიცირებული გახდა და 30 მაისს უსწრაფესთა შორის მე-11 ადგილი აიღო, სანდრო მაღრაძემ, როგორც სინიორმა, ანუ მე-12 კლასელმა „ტალანტ შოუშიც“ მიიღო მონაწილეობა, ამ შეჯიბრს High School-ი ყოველწლიურად მართავს. წელს ამ შოუში 10 სხვა კონკურსანტთან ერთად სანდრო და მისი ტყუპისცალი, ნიკა მაღრაძეც მონაწილეობდა. თავდაპირველად ორივეს ერთად უნდა მიეღო მონაწილეობა ცეკვის კონკურსში, მაგრამ შემდეგ ნიკამ მეგობარ გოგონასთან ცეკვა არჩია. ნიკა არა მარტო საცეკვაო ნომრით, არამედ მისივე დაწერილი სიმღერით წარდგა მაყურებელთა წინაშე.
ვინაიდან პირველი ადგილი ტყუპებს შორის რთული გასაყოფი იქნებოდა, ჟიურიმ მათ მე-2 და მე-3 ადგილი მიაკუთვნა. მედლებთან და ფულად ჯილდოსთან ერთად ნიკამ „მისტერ ფოტოგენურის“ ტიტულიც მიიღო. ნიკა მაღრაძე 2010 წელს ილინოისის შტატის ჭიდაობის ჩემპიონატში მე-4 ადგილის მედალოსანიც იყო. ნიკა, აგრეთვე, ერთ-ერთი ამერიკული ანსამბლის მუსიკალურ კლიპსა და ევანსტონის უნივერსიტეტის კინოგანყოფილების სტუდენტურ ფილმშია გადაღებული. მესამე ძმა ლევანი ილინოისის შტატის ჩიკაგოს უნივერსიტეტისთვის ემზადება, ჯონსბურგში სწავლისას 6 წლის მანძილზე როგორც სპორტში, ასევე ხელოვნებასა და სწავლაში არაერთი მედალი, ჯილდო და წარმატება მოიპოვეს. ლევანი დაასახელეს სკოლის მეფედ, ანუ სინიორად.
ისინი მრავალჯერ იყვნენ დაჯილდოებულნი წარმატების სიგელით, დასახელდნენ წარჩინებულთა საერთაშორისო საზოგადოების წევრებად, ეს ორგანიზაცია მეტად პრესტიჟულია ამერიკაში და თავიანთ რიგებში მხოლოდ გამორჩეულებს იღებდნენ. ამერიკაში ილინოისის შტატში პოპულარული სამი ქართველი ტყუპი ძმა – ნიკა, სანდრო და მათი ძმა ლევანი საქართველოდან დედასთან, მაკა კვერენჩხილაძესთან ერთად 2004 წელს გაემგზავრნენ.
ბედის ირონიით საქართველოში ბიჭები „ამერიკელებად“ მონათლეს, ხოლო ამერიკაში, სკოლასა თუ მეგობრების წრეში, მათ „ჯორჯიანს“, ანუ ქართველებს ეძახიან და ისინი ამერიკაში საქართველოს და ქართულ გენს წარმოადგენენ და თანატოლ ამერიკელებში ქართულ ისტორიასა და კულტურას აქტიურად უწევენ პოპულარიზაციას.
თეონა გოგნიაშვილი