ნინო ლაცაბიძე: იმ ახალი პროექტების პარალელურად, რასაც რუსთავში ვახორციელებთ, მნიშვნელოვანია, ჩვენი ქალაქის მდიდარი და უძველესი ისტორია, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს
საქართველოს კულტურის სამინისტროს და რუსთავის მერიის ორგანიზებით, რუსთავში ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური არქეოლოგიური ექსპედიცია დაიწყო. ინფორმაციას, რუსთავის მერია ავრცელებს.
ექსპედიციის დაწყებასთან დაკავშირებით, რუსთავის ისტორიულ ციხესთან, პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი თეა ონიანი, რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი ვახტანგ ლიჩელი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები, რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ნაზი პაჭიკაშვილი, არქეოლოგიური ექსპედიციის წევრები და სამეცნიერო წრეებიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, პრეზენტაციაზე არქეოლოგიური გათხრების მნიშვნელობაზე, რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატთან საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრ ალექსანდრე დალაქიშვილთან ერთად ისაუბრა.
,,რუსთავის ისტორიულ ციხეზე ჩვენ მასშტაბური არქეოლოგიური ექსპედიცია დავიწყეთ. ჩვენ გვწამს, რომ იმ ახალი პროექტების პარალელურად, რასაც რუსთავში ვახორციელებთ, მნიშვნელოვანია, ჩვენი ქალაქის მდიდარი და უძველესი ისტორია, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს. რუსთავის ისტორიული ციხე, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვიცით თუ რა ისტორიას ინახავს, ახალ განვითარებას იწყებს. სწორედ ეს არქეოლოგიური ექსპედიცია აჩვენებს ამ ახალ ისტორიას, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარების პოტენციალისთვისაა მნიშვნელოვანი. ჩვენ ზუსტად ვიცით და გვჯერა, რომ ქალაქის ახალი განვითარება ვერ მოხდება მისი ისტორიის პოპულარიზაციის გარეშე”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
არქეოლოგიური გათხრები 17 ივლისს დაიწყო და პირველი ეტაპი 1 ნოემბრამდე გაგრძელდება. ექსპედიცია, რუსთავის ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი, IX-XII საუკუნეების სასახლის არქეოლოგიურ კვლევას ისახავს მიზნად.
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა, ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, რომ მისასალმებელია, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება და სამეცნიერო წრეები ერთად ზრუნავენ, როგორც ქვეყნის წარსულის შესანახად, ასევე ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე.
,,რუსთავი საქართველოს ისტორიის ყველა ეპოქაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, მეტადრე შუა საუკუნეებში, როდესაც რუსთავი და ეს ციხე მნიშვნელოვან საკვანძო გზაზე მდებარეობდა. ბუნებრივია, აქ მასშტაბური არქეოლოგიური გათხრების განახლება ბევრ სიახლეს შესძენს საქართველოს ისტორიას. ეს ინიციატივა რუსთავის მერიას და ადგილობრივ ხელისუფლებას ეკუთვნის. მისასალმებელია, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება და სამეცნიერო წრეები ერთად ზრუნავენ, როგორც ქვეყნის წარსულის შესანახად, ასევე ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე. რუსთავი ბევრ ტურისტს მოიზიდავს და შესაძლებელია ძალიან საინტერესო საგანმანათლებლო-ტურისტულ ცენტრად იქცეს “, – განაცხადა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.
საქართველოს კულტურის სამინისტრო, უკვე მუშაობს სასახლის და რუსთავის ციხე- ქალაქის არქეოლოგიური პოტენციალის სრული შესწავლის, შემდგომში, კი მისი კონსერვაცია-რესტავრაციის პროექტზე და კონცეფციაზე.
ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ არქეოლოგიურ ექსპედიციაში მოსახლეობის და ახალგაზრდების ჩართვის მიზნით, რუსთავის მერიამ მოხალისეთა სარეგისტრაციო ბმული ერთი თვის წინ გამოაქვეყნა. აპლიკაცია, როგორც ანაზღაურებად, ისე მოხალისეობრივ პოზიციებს სთავაზობს მსურველებს და ყველასათვის ხელმისაწვდომია. ექსპედიციის წევრობის სურვილი უკვე 100-მდე მოხალისემ და არქეოლოგმა გამოთქვა.
რუსთავის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, ყველაზე ძველი ნასახლარი, შუა ბრინჯაოს ხანით თარიღდება. ისტორიულ წყაროებში, რუსთავი, მცხეთასთან, ურბნისთან და უფლისციხესთან ერთად ქალაქად, ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან მოიხსენიება. ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან, კი აქ ქართველი უფლისწულების სასახლე-საუფლისწულო ქალაქი იყო.