მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია პანიკობს, რადგან ვერ წარმოუდგენიათ, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით დავსხდებით, გავივლით თითოეულ წინადადებას და კითხვას

0

ვინც არ უნდა იყოს, როგორი პოლიტიკური მტერიც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, ჩვენ ვალდებულები ვართ, საკითხი დეტალურად გავიაროთ და ვიყოთ ბოლომდე მართალი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, არსებობს რუსთაველის გამზირზე აქციისას გადაღებული კადრები, რაც ყველამ იხილა და ეს მოვლენები პოლიტიკურად უკვე ბევრჯერ შეფასდა.

„პირობას ვაძლევ ყველას, რომ თუ იქნება შესაბამისი საფუძველი, მაშინ დადებით გადაწყვეტილებას მივიღებთ და თუ არ იქნება შესაბამისი საფუძველი, მაშინ იქნება უარყოფითი გადაწყვეტილება. ოპოზიცია პანიკობს, რადგან მათ დროს წარმოუდგენელი იყო, რომ საკითხი ასე განეხილათ. ჩვენ რომ დავსხდებით და გავივლით თითოეულ წინადადებას, თითოეულ კითხვას და პასუხს, ეს ვერ წარმოუდგენიათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

კომენტარები

კომენტარი