შევჩენკო: ირანში ომის შემთხვევაში, რუსეთს რჩება ერთი გზა – სამხედრო ინტერვენცია, რაც ჩიხური სიტუაციაა

რუსი ჟურნალისტი, მაქსიმ შევჩენკო თბილისში 20 ივნისის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მიიჩნევს, რომ საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი შიდა პოლიტიკური სიტუაციაა, კონფლიქტის ესკალაციისა კი – გარე ფაქტორები.
მისი აზრით, ესკალაციის მთავარი მიზეზი საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობაა, რაც ამერიკისთვის ირანზე თავდასხმის დასაწყებად ყველაზე სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენს.
​ამასთან, შევჩენკო მიიჩნევს, რომ აშშ-სა და ირანს შორის ომის დაწყების შემთხვევაში, მოსკოვს მხოლოდ ერთი გზა რჩება – სამხედრო ინტერვენცია, რაც ჩიხური სიტუაციაა.
“კონფლიქტის გაჩენის მიზეზი შიდა ფაქტორებია, მისი ესკალაციისა კი – გარე და ეს მიზეზები გეოპოლიტიკის სფეროში უნდა ვეძიოთ.
ამერიკა ირანთან ომისთვის ემზადება. ეს ომი გარდაუვალია და იქნება ან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე ან მისი დასრულების შემდეგ.
თუმცა ახლა აშშ ომისთვის მზად არ არის. იერიშისთვის დამრტყმელი რაზმი, ისეთი ძლიერი ქვეყნისთვის, როგორიც ირანია, ჯერ არ შექმნილა, მისი შექმნა კი არც ისე მარტივია.
საუდის არაბეთი იემენში პროირანულ ძალებთან საკმაოდ მძიმე ომშია ჩართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ირანი ამ ომში უშუალოდაა ჩართული – ერ რიადს კი ნამდვილად არ ელის გაბრწყინება.
თურქეთი ამერიკისა და საუდის არაბეთის ინტერესების დასაცავად ბრძოლას საერთოდ არ აპირებს, მით უმეტეს, საკუთარ ტერიტორიას ამერიკელებს არ დაუთმობს – იქამდე მაინც, სანამ ერდოღანი ცოცხალია და თან ქვეყნის სათავეშია.
აზერბაიჯანი ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში არასდროს ჩაერთვება.
სომხეთიც ასევე. ისიც საკმარისია, რომ ირანთან საზღვარს აშშ აკონტროლებს. პაკისტანი და ავღანეთი ირანზე ტერორისტული თავდასხმების წყარო იქნება, თუმცა – არა სამხედრო ბაზა დამრტყმელი ავიადაჯგუფებისათვის.
რჩება საქართველო – მისი აეროდრომები იდეალურია თეირანზე, თაბრიზზე, ისპაჰანზე, კასპიის ზღვის ნავთობისა და გაზის წყაროებზე ავიაიერიშების მისატანად. სპარსეთის ყურის ავიამატარებლებს აქ ვერ გამოიყენებენ.
უფრო მეტიც, ირანელებმა დაადასტურეს საზღვაო ჯგუფების მოწყვლადობა და ყურეში დასავლეთის ნავთობკომუნიკაციებზე თავდასხმისთვის მზადყოფნა.
​საქართველო კი ძირითად ფაქტორად მოიაზრება ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ახლა ამერიკა ბიძინაზე ზეწოლას ახდენს და მას არჩევანის წინაშე აყენებენ – შევარდნაძის ბედი ან სრული ამერიკული პროტექტორატი/მფარველობა.
ის აცნობიერებს აღნიშნულის მნიშვნელობას – სწორედ ამან გამოიწვია თბილისის ქუჩებში საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ სასტიკი მეთოდების გამოყენება. ეს მისი მხრიდან იყო ამერიკისთვის გაგზავნილი შეტყობინება, რომ ის საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებში დარწმუნებულია და უკან არ დაიხევს.
​თუმცა მას ნებისმიერ შემთხვევაში გატეხენ, რადგან მისი პოზიცია ვაშინგტონთან დიალოგისას ვაჭრის პოზიციაა და ნებისმიერი წინადადება მისთვის მისაღები იქნება.
რუსეთი სრულად არის გვერდზე გაწეული ქართული პოლიტიკური თამაშებიდან. ეს ყოველივე მოსკოვის სიამაყის, მკვეხარობისა და შოვინიზმის შედეგია.
ამერიკის წინადადება კი, სავარაუდოდ, შემდეგი იქნება: ახალი არჩევნები, სადაც “ოცნებისა” და “ნაციონალების” სიები აშშ-ის ერთგული აგენტებით შეივსება.
ამის შემდეგ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ამერიკული სამხედროების საქართველოს ტერიტორიაზე შეყვანის შესახებ, რათა “რუსული აგრესიისგან” დაიცვას ქვეყანა.
სამხედროები შეჰყავთ – ირანზე თადასხმების შესაძლებლობა რეალური ხდება ისევე, როგორც ირანის პასუხი. საქართველო კი არავის ანაღვლებს!
ამ დროს კი მოსკოვს ერთი გზა რჩება – სამხედრო ინტერვენცია, რაც ჩიხური სიტუაციაა, საიდან გამოსასვლელი გზაც არ არსებობს.

იფიქრებდა კი ოდესმე მშვიდი, მართლმადიდებელი კომუნისტი გავრილოვი, რომ ასეთი ფასი ექნებოდა ერთ სკამს?”, – წერს ჟურნალისტი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
მისივე თქმით, მიმდინარე მოვლენების გამო ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მთელი მმართველი ელიტა იყიდა, ქვეყნის მართვის სადავეებს კარგავს, ამის მთავარი მიზეზი კი არა სააკაშვილია, რომელიც ამ ეტაპზე ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე არაფერს წარმოადგენს, არამედ ამერიკა, რომელსაც ირანზე თავდასხმისთვის სტრატეგიული ადგილი სჭირდება.
“საქართველოში განვითარებული მოვლენების შიდა მიზეზი სავსებით ნათელია – პოლიტიკურმა ელიტამ (როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ) საზოგადოებას თავი იმდენად მოაბეზრა, რომ დამცირებაზე საუკეთესო პასუხი ქაოსია.
სიმარტივე ქურდობაზე უარესია – სწორედ ეს შემთხვევაა ახლა.
ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოში მეფე და ღმერთია და რომელმაც მთელი მმართველი ელიტა იყიდა, ქვეყნის მართვის სადავეებს კარგავს. არა და, სულ ახლახან ის თითქმის აბსოლუტური მმართველი ჩანდა.
რუსეთის მთავრობა, სხვა ოლიგარქებსა და ავტორიტეტებთან შედარებით, მიეჩვია ერების სიძულვილს, მათ უპირობოდ დამარცხებულებად შერაცხვას. ამიტომაც ის, რაც ერისთვის მნიშვნელოვანია (ისტორია, სარწმუნოება, მამული და სხვ.), რუსეთის ხელისუფლებისთვის მხოლოდ პატარა ხალხების ეთნოგრაფიულ ექსცენტრიებს წარმოადგენს.
ბიძინა ივანიშვილი მოსკოვისთვის მოსახერხებელია არა იმიტომ, რომ ის პრორუსია, არამედ იმიტომ, რომ ის ოლიგარქია და საკუთარი თავისთვისაა.
კრემლისთვის ხალხი ხომ, უბრალოდ, ელექტორატი და პრეტენზიული მომხმარებელია.
მაგრამ ვინ დგას ივანიშვილის კონტროლის შესუსტების უკან? ვინ ბედავს, მის ძალაუფლებას საფრთხე შეუქმნას? სააკაშვილი?
ამ ეტაპზე ის ხომ ქართულ პოლიტიკაში არაფერს წარმოადგენს.

აშშ-ს ირანზე თავდასხმისთვის ავიაბაზების სტრატეგიული განლაგება სჭირდება. საქართველო კი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით იდეალური ადგილია“, – წერს შევჩენკო.

 

მარიამ ლაცაბიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები