სოზარ სუბარმა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება გახსნა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება ოფიციალურად გახსნა. მინისტრის გარდა დაწესებულების გახსნას დაესწრნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სხვა ოფიციალური პირები.
როგორც „ჯვირას“ სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, დაწესებულების ძირითად მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის საზოგადოებაში რეინტეგრაცია, რეაბილიტაცია და გათავისუფლებისთვის მომზადება, შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსდებიან პირები, ვისაც სასამართლომ თავისუფლების შეზღუდვა შეუფარდა და ასევე მსჯავრდებულები, ვისაც ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა თავისუფლების შეზღუდვით. აქ განთავსებული მსჯავრდებულები არ არიან საშიში საზოგადოებისთვის, მაგრამ საჭიროებენ ინტენსიურ ზედამხედველობას.
დაწესებულების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 75–100 მსჯავრდებულზე გათვალისწინებული საცხოვრებელი კომპლექსი, სარეაბილიტაციო ცენტრი, მრავალპროფილიანი საწარმოო შენობა, სპორტული მოედნები, ღია ეზო (სასეირნო ბილიკები, პაემნების ადგილი), შეხვედრების ოთახი, სასადილო, საკონფერენციო დარბაზი, მაღაზია, კომპიუტერული კლასი, მოსასვენებელი ოთახი და ბიბლიოთეკა.
დაწესებულებაში განთავსებულ პირებს, დღის განრიგის მიხედვით, არ ექნებათ შეზღუდული ერთმანეთთან ურთიერთობისა და ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება; ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, მათ შაბათ-კვირას შეეძლებათ დატოვონ დაწესებულების ტერიტორია და წავიდნენ ოჯახებში. თავისუფლებაშეზღუდულებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ და შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა პროფილის საწარმოში; ისინი მრავალპროფილიან სასწავლებელში შეისწავლიან სხვადასხვა პროფესიას, ისარგებლებენ პაემნის უფლებით.
თავისუფლებაშეზღუდულები ისარგებლებენ დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით.
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ძირითადი ფუნქცია მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის მომზადებაა, შესაბამისად, დაწესებულებაში ჩატარდება ინტენსიური სამუშაოები პატიმრობაზე დამოკიდებულების მოხსნის მიზნით; ნარკოტიკზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევა; მსჯავრდებულთა ინტენსიური რეაბილიტაცია; მსჯავრდებულთა პროფესიული გადამზადება; დასაქმების მოტივაციის ამაღლება და სამომავლო ცხოვრების დაგეგმვის, უნარ-ჩვევების ამაღლება;
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გარდა პროექტში ჩართული არიან პრობაციის ეროვნული სააგენტო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ნორვეგიის კანონის უზენესობის მისია საქართველოში და „ციხის საერთაშორისო რეფორმა“.