დიმიტრი მედვედევი სალომე ზურაბიშვილზე: მისი განცხადება უკიდურესად არაპროფესიონალურია

„ეს არის სიტუაციით მანიპულირების მცდელობა, იმისთვის, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებში მოსკოვი დაადანაშაულონ“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ის, რაც დღეს კავკასიის ქვეყანაში ხდება, მხოლოდ და მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება:
„მოვლენები, რაც დღეს საქართველოში ხდება, ოპოზიციასა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის შიდაპოლიტიკურ ბრძოლას უკავშირდება. მცდელობა, ეს ყველაფერი დააბრალონ რუსეთს, რეალური სიტუაციის დამახინჯებაა“, – აღნიშნა მან.
მედვედევი სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მან რუსეთი ოკუპანტ ქვეყნად და მტრად მოიხსენია და განაცხადა, რომ ეს მისი მხრიდან არაპროფესიონალური შეფასებაა.
„მიმაჩნია, რომ ეს განცხადება უკიდურესად არაპროფესიონალურია. ან, იქნებ, ის ჯერ უბრალოდ არ არის გარკვეული არსებულ სიტუაციაში, ან შეგნებულად ცდილობს დაძაბოს სიტუაცია“, – განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები