ვლადიმერ იმნაძემ კლინიკა “თერჯოლამედი” დაათვალიერა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი – ვლადიმერ იმნაძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი  – მალხაზ თოფურია და იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები თერჯოლაში მრავალპროფილურ კლინიკა “თერჯოლამედს” ესტუმრნენ და ვეტერანებისადმი გამოჩენილი თანადგომისა და დახმარებისთვის ხელმძღვანელობასა და პერსონალს მადლობა გადაუხადეს.
კლინიკის დირექტორმა, დავით სარიშვილმა და ვეტერანების კოორდინატორმა, ენვერ აბჟანდაძემ სტუმრებს საავადმყოფო დეტალურად დაათვალიერებინეს. უწყების დირექტორმა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანი, ფრიდონ ბუცხრიკიძე მოინახულა, რომელმაც აღნიშნულ კლინიკაში გულის სტენტირება გაიკეთა. ვლადიმერ იმნაძემ ვეტერანს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
აღსანიშნავია, რომ კლინიკა „თერჯოლამედის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ვლადიმერ კეპულაძე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების ვეტერანი გახლავთ. როცა ბრძოლის ველზე მყოფი ახალგაზრდა ექიმი, სამშობლოს მთლიანობასთან ერთად, დაჭრილი თანამებრძოლების სიცოცხლისთვის იბრძოდა, ფიქრობდა, რომ საკუთარი კლინიკა გაეხსნა, სადაც თავის თანამებრძოლებსა და სამშობლოსთვის დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას გაუწევდა. მან თავისი სურვილი, დიდი ძალისხმევის ფასად აისრულა.
საერთაშორისო სტანდარტების მრავალპროფილური კლინიკა” თერჯოლამედი” უკვე 2 წელია ფუნქციონირებს და ამ ხნის განმავლობაში, 300-ზე მეტ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანს გაუწია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. ლადო კეპულაძის გადაწყვეტილებით, ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებსაც უსასყიდლოდ ემსახურებიან; მათი და ვეტერანების სტაციონარში ყოფნისას კვების ხარჯებს, კლინიკა ანაზღაურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები