მამუკა ბახტაძე: პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმაც ეს კრიზისული ვითარება შექმნა

პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში, დაიცვა სახელმწიფო, საზოგადოება და აღკვეთა დანაშაული. ახლა უმთავრესია ყველა დაშავებულის ჯანმრთელობა ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში განაცხადა.

პრემიერის თქმით, რუსთაველის გამზირზე ხალხის მიერ გამოხატული გულწრფელი პროტესტი გამოიყენეს დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა და გასცდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს.

„ის, რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისში ხდებოდა, რასაკვირველია, პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს და ეს პროცესი ორ ნაწილადაა გაყოფილი.

ვითარება, რომელიც შეიქმნა ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომის შედეგად, რაც სამართლიანად გახდა ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი პროტესტის მიზეზი, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დღის პირველ ნახევარში პრაქტიკულად სრულად აღკვეთა – შეწყდა ფორუმი, რუსეთის დელეგაციამ დატოვა თბილისი, ჩვენი გუნდის ლიდერებმა გააკეთეს შესაბამისი, უმკაცრესი განცხადებები და აღუთქვეს მოსახლეობას, რომ დეტალურად შეისწავლიდნენ ყველაფერს და სათანადო პასუხს მოთხოვდნენ გუნდის წევრებს.

იმავდროულად, შვიდი საათის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე ხალხის მიერ გამოხატული გულწრფელი პროტესტი გამოიყენეს დესტრუქციულმა პოლიტიკურმა ძალებმა და გასცდნენ კონსტიტუციურ ჩარჩოებს. რევანშისტული ოპოზიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მათ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და მთელმა საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა, როგორ იძალადეს ჩვენც პოლიციელებზე. შედეგად შეიქმნა ვითარება, რომელიც გაცდა დღის პირველ ნახევარში განვითარებული მოვლენებით გამოწვეულ სამართლიან რეაქციას და მივიღეთ რევანშს მოწყურებული, დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერების მიერ ორგანიზებული ძალადობა.

სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები და პოლიციელები. პარლამენტზე და პოლიციის ძალებზე შტურმს ხელმძღვანელობდნენ დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, რომლებმაც კიდევ ერთხელ ისარგებლეს ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი ემოციით. ბოლო მომენტამდე პოლიცია არ გასცდენია პარლამენტის შენობის პერიმეტრს. პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში, დაიცვა სახელმწიფო, საზოგადოება და აღკვეთა დანაშაული. ახლა უმთავრესია ყველა დაშავებულის ჯანმრთელობა ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, პასუხს მოსთხოვენ მათი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმაც შექმნა კრიზისული ვითარება.

მამუკა ბახტაძე საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„ხვალ, რასაკვირველია, პროცესები გაგრძელდება – ჩვენ სიტყვას არ გადავალთ, არ გავექცევით პასუხისმგებლობას და პასუხს მოვთხოვთ ჩვენი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმაც შექმნა ეს კრიზისული ვითარება. მათ მოუწევთ პასუხის გაცემა გუნდის და საზოგადოების წინაშე. იმავდროულად, ჩვენ ყოველი მიზეზის გარეშე უზრუნველვყოფთ, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს უპასუხისმგებლო და დესტრუქციული ოპოზიციის იმ ლიდერებს, ვინც ხელყო კანონი და კონსტიტუცია. ჩვენი ამოცანაა სიტუაციის დეესკალაცია.

საერთაშორისო საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსი სრულად ინფორმირებულია, თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები დღეს. ვპირდებით საზოგადოებას, რომ ამ პირებს სრულად მოუწევთ პასუხისმგებლობის გაზიარება მათ მიერ ორგანიზებულ მასობრივი არეულობასა და დესტაბილიზაციის მცდელობაზე. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. ხელისუფლება დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგს“,- განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები