გიორგი კალატოზიშვილი: ზაქარია ქუცნაშვილო, მამაჩემი გმირულად დაიღუპა ოკუპანტებთან ბრძოლაში და თქვენ მას დღეს ხაზი გადაუსვით

პიარტექნოლოგი გიორგი კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, საქართველოს პარლამენტში გამოსვლას ეხმიანება და ზაქარია ქუცნაშვილს მიმართავს.

,,ზაქარია ქუცნაშვილო,  მე ვარ გიორგი კალატოზიშვილი. 13 წლის ვხდებოდი, როცა მამაჩემი გმირულად დაიღუპა ოკუპანტებთან ბრძოლაში 1992 წლის 7 დეკემბერს, ოჩამჩირეში, სოფელ კოჩარაში და გადმომისვენეს 8 დეკემბერს, ჩემი დის შვილის გაჩენის დღეს. მე ვარ ადამიანი, რომლის მამაც დაიღუპა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის, რომელსაც თქვენ და თქვენმა თანამოაზრეებმა გადაუსვით დღეს ხაზი! მე ვარ ადამიანი, რომელსაც თქვენ და თქვენმა თანამოაზრეებმა, ოკუპანტი ქვეყნის მეხოტბეებმა, სულში ჩააფურთხეთ და არ ვაპირებ ამის პატიებას, ან იგნორირებას!
მე ვარ ადამიანი, რომელიც ითხოვს თქვენგან პასუხს ისევე, როგორც 10 ათასამდე დაღუპული ჯარისკაცისა და მოხალისის ოჯახის წევრები; 10 ათასამდე დაჭრილი მეომარი და მშვიდობიანი მოქალაქე; 1500-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის ოჯახის წევრები! დაუშვებელია თქვენი ყოფნა საკანონმდებლო ორგანოში! ეს არის ქვეყნის შიგნით და მის გარეთ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება და ყველამ უნდა აგოთ პასუხი გავრილოვისა და სხვა ოკუპანტების გამო!,”- წერს გიორგი კალატოზიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები