ნინო ოთხოზორია: მინდა, მჯეროდეს, რომ გმირი ბიჭების სისხლის უკანასკნელი წვეთის დამფასებელი არის ქართველი ერი
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას ცოლი სოციალურ ქსელში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტში გამოსვლასა და მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.
,,ეს მერამდენედ შეურაცხგვყოფენ!!! სულში გვაფურთხებენ და ტყვიას გვესვრიან. გიგა, ახლა ცხადად მესმის შენი საქციელის, დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი შენსავით ბობოქრობს. მინდა, მჯეროდეს, რომ გმირი ბიჭების სისხლის უკანასკნელი წვეთის დამფასებელი არის ქართველი ერი. დღეს როგორც არასდროს ისე გვჭირდება ერთ მუშტად შეკვრა. მრცხვენია იმ ადამიანების ნაცვლად, რომლებიც არა თუ სათავეში ედგნენ ამ სამარცხვინო სტუმრობას, არამედ მონურად და უსიტყვოდ თავს უხრიდნენ მავანთა გადაწყვეტილებას,”- წერს ნინო ოთხოზორია.
30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს.