აკაკი ზოიძე: ოკუპანტი ქვეყნის პარლამენტარი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში არის საზარელი
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძე პარლამენტში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
მისი თქმით, როგორც უმრავლესობის წევრი, ძალიან წუხს, რომ ეს მოხდა და გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას.
„მიუღებელია, რაც ახლა ხდება საქართველოს პარლამენტში. ოკუპანტი ქვეყნის პარლამენტის წევრი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში არის საზარელი და არ მართლდება არანაირი რაციონალური არგუმენტით, რომ მტერსაც უნდა ელაპარაკო! როგორც უმრავლესობის წევრი, ძალიან ვწუხვარ, რომ ეს დავუშვით, ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას“, – წერს ზოიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
დღეს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ სესიის გახსნა გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატი შესვენების დროს დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვისა და რუსი დეპუტატების პარლამენტის სასესიო დარბაზში ყოფნას არ დაუშვებდნენ. შესვენების შემდეგ სხდომა აღარ გაგრძელებულა.