რატი იონათამიშვილი: რუს დეპუტატს მხოლოდ მაშინ აქვს საქართველოს პარლამენტში შესვლის უფლება, თუ ის ბოდიშს მოუხდის ქართველ ხალხს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიის მიმდინარეობას ეხმაურება, რომელსაც რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ხელმძღვანელობს.
„რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატს მხოლოდ მაშინ აქვს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლისა და სიტყვით გამოსვლის უფლება, თუ ის ბოდიშს მოუხდის ქართველ ხალხსა და საქართველოს იმ დანაშაულისთვის, რაც მისმა ქვეყანამ ჩვენი სამშობლოს წინაშე ჩაიდინა!“, – წერს რატი იონათამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო რიგით 26-ე გენერალური ასამბლეის სესია გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნა. დღეს კი პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა – სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას ხელმძღვანელობდა. სხდომა ჩაიშალა, რადგან ქართველმა დეპუტატებმა ტრიბუნა დაიკავეს და გავრილოვს სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცეს.