“რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიის მიმდინარეობას, რომელსაც რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ხელმძღვანელობს.
„რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის! ეს კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დუმის წევრებმა პარლამენტი და საქართველო უნდა დატოვონ!”, – წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო რიგით 26-ე გენერალური ასამბლეის სესია გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნა. დღეს კი პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას ხელმძღვანელობდა.