მამა დავით ნოზაძე „პრაიდზე“: ხალხს აიძულებენ, რომ ვინმე მოკვდეს

წითელი ტერორი ხომ არ მოგწონდათ, არც ცისფერი ტერორი უნდა მოგეწონოთ, – ამის შესახებ მამა დავით ნოზაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით პროცესები საელჩოების მიერ იმართება.
“იცით, რეებს გააკეთებს ეს ხალხი? ხალხს აიძულებენ, რომ ნებისმიერი მეთოდით იქნებ, ვინმე, არ გაგიკვირდეთ ახლა, რაღაც უცნაურობას ვამბობ, ვინმე მოკვდეს. მათთვის მსხვერპლი , იქ ერთი – ორი კაცი თუ მოკვდება, არაფერი არ არის. თავიანთ მომხრეებს არაფრად თვლიან. მწყემსს ცხვარი უფრო ენანება მთაში, ვიდრე იმას, ვინც უკვეთავს ამ ყველაფერს, ეს საცოდავი ადამიანები.
როდესაც დაინახეს საელჩოებმა, რომ ეკლესია ურყევად იდგა პოზიციაზე, ხელისუფალიც ამბობდა, რომ ვერ შეძლებდა მათ დაცვას, უბრძანეს, რომ კანცელარიის კიბეებთან დამსხდარიყვნენ. თვითონ ამ ადამიანებს რაღაც მგონია, რომ რცხვენიათ, ასეთები რომ არიან, მაგრამ ესენი აიძულებენ, რომ თავიანთი საცოდავი მდგომარეობა გამოატანინონ. საელჩოები და არასამთავრობოები, განსაკუთრებით საელჩოები, რადგან არასამთავრობოებსაც საელჩოები მართავენ, აკეთებენ ამას. ჩვენი არასამთავრობოები დაფინანსებას საიდან იღებენ?- ზუსტად იმ ქვეყნებიდან, რომლებიც აიძულებენ. სად არის ჩვენი სუვერენიტეტი? გულწრფელად მინდა გკითხოთ: წითელი ტერორი ხომ არ მოგწონდათ, არც ცისფერი ტერორი უნდა მოგეწონოთ. რა მნიშვნელობა აქვს კომუნიზმის სახელით დამიწყებენ დევნას, თუ ლიბერალური ღირებულებების გამო”, – განაცხადა მამა დავით ნოზაძემ.
დღეს მამა დავით ნოზაძემ და მამა ვახტანგ დავითაშვილმა განაცხადეს, რომ ლგბტ აქტივისტების მიერ „პრაიდის“ ჩატარებას არ დაუშვებენ.
„თუ „თბილისი პრაიდი“ გაიმართება, მასშტაბურ გამოსვლას მოვაწყობთ“, – განაცხადეს სასულიერო პირებმა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები