მიტალების ოჯახი წართმეული ქონების დასაბრუნებლად სასამართლოში ჩივის

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახი ამტკიცებს, რომ 2006 წელს მათ „სავანე ღვინის #1 ქარხანა” უკანონოდ ჩამოართვეს. „სავანე ქარხანა #1″-ის აქციონერები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენ, „სავანე ქარხანა #1″-ის აქციონერები, წლებია, სასამართლო დავას ვაწარმოებთ პეტრიაშვილის ქუჩა #1-ში მდებარე ჩვენი ქონების უკანონო მიმთვისებლებთან.
„სავანე ქარხანა #1″-ის ბიზნესგეგმაზე მუშაობა 2000 წლიდან დავიწყეთ და წარმოების განვითარების მიზნით, მსოფლიოში ცნობილი მიტალების ოჯახის საერთაშორისო ინვესტიციები მოვიზიდეთ. მათი დახმარებით, წარმატებით განხორციელდა წარმოების ამუშავება და ალკოჰოლური სასმელების გატანა ჩინეთში, ინდოეთსა და რუსეთში. სამწუხაროდ, 2006 წელს წინა ხელისუფლებამ ძალადობრივად წაგვართვა ქარხანა. ჩვენი არაერთი მცდელობა, დაგვებრუნებინა ჩვენი ქონება, უშედეგოდ დასრულდა და პროკურატურამ ის უკანონოდ გადასცა დღევანდელ მეპატრონეებს.
2012 წელს სარჩელი შევიტანეთ საქალაქო სასამართლოში, რათა პეტრიაშვილის ქუჩა #1-ში მდებარე ქარხანა და ძირითადი საშუალებები კანონიერ მესაკუთრეებს დაბრუნებოდათ. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს ჩვენი კანონიერი მოთხოვნები, თუმცა, უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებები და საქმე ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა.
ამჟამად, სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს განხილვა, რათა მან ხელახლა გამოიკვლიოს „სავანე ქარხანა #1″-ს ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საკითხი. იმედი გვაქვს, რომ ამდენი წლის შემდეგ, სამართლიანობა აღდგება და უკანონოდ წართმეული „სავანე #1″-ის ქონება დაუბრუნდება მის კანონიერ მესაკუთრე აქციონერებს. ამიტომაც საერთაშორისო დონეზე საქმის წარმოებას ამ ეტაპზე არ განვიხილავთ”, – წერია „სავანე ქარხანა #1″-ის აქციონერთა განცხადებაში.
ცნობისთვის, სააქციო საზოგადოება „სავანე ღვინის №1 ქარხნის” 107 აქციონერი 2007 წლიდან იბრძვის მაშინდელი ხელისუფლების პირობებში წართმეული საწარმოს დაბრუნებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები