ლევან იზორიამ სამხედროებს ამოცანით მართვის ახალი პრინციპები გააცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას ამოცანით მართვის ახალი პრინციპები გააცნო. შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ თავდაცვის მინისტრის ინიციატივით გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება თავდაცვის ძალებში ამოცანით მართვის მნიშვნელობაზე, ფილოსოფიასა და პერსპექტივებზე გაამახვილა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამოცანით მართვის კულტურის დანერგვა თავდაცვის ძალების ეფექტიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს. მან აქცენტი საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ავტონომიურობის ხარისხის გაზრდასა და დეცენტრალიზაციაზე, ასევე, ამოცანით მართვის მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივებზე გააკეთა.
„ამოცანით მართვა ქვედანაყოფების მეთაურებს შესაძლებლობას მისცემს, ხელმძღვანელობასთან კავშირის გაწყვეტის ან სხვა პრობლემის შემთხვევაში  დამოუკიდებლად იმოქმედოს, რათა მთავარი მიზნის მიღწევა შეძლოს და მოწინააღმდეგეზე უპირატესობა მოიპოვოს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
მინისტრის თქმით, ამოცანით მართვა ცალკეული ქვედანაყოფებისთვის მეტი ავტონომიურობის მინიჭებას, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შესაძლებლობას, ცენტრალიზებული მართვის პირობებში კი  დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას გულისხმობს.
„არმიჰოლში“ გამართულ ლექციას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობა, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის ათმეთაურები და სამხედრო იერარქიით ზემდგომი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები