რძისა და რძის ნაწარმზე დამატებითი ეტიკეტირების შემოღების საკითხზე რძის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რძის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებები რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი პროდუქტების დამატებითი ეტიკეტირების შემოღებას ითვალისწინებს.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი ხელმძღვანელობდა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ცვლილებების მიზანია ადგილობრივი რძის წარმოების წახალისება და საბოლოო მომხმარებლის ინფორმირებულობის გაზრდა.
„რძის მწარმოებლებთან და გადამმუშავებლებთან შეხვედრაზე განვიხილეთ დამატებითი ეტიკეტირების ინიციატივა. გაიმართა დისკუსია და მოვისმინეთ ინდუსტრიის წარმომადგენელთა მოსაზრებები. ჩვენი მიზანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და მომხმარებლისთვის მკაფიო ინფორმაციის მიწოდება; ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ გადამამუშავებელთა ინტერესებიც სრულად იყოს გათვალისწინებული“, – განაცხადა ლაშა ავალიანმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებების ამოქმედების ვადებსა და კონკრეტული ნიშანდების საკითხზე იმსჯელეს.
„შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ეტიკეტირების საკითხი, რომლის მიხედვითაც თითოეულ პროდუქტზე მკაფიოდ განისაზღვრება, რა ნედლეულისგან არის ის წარმოებული. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია დარგის განვითარებისთვის, გაიზრდება მოთხოვნა ნედლ რძეზე, რაც ფერმერებს დამატებით სტიმულს მისცემს. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დადებითად აისახება სოფლის ეკონომიკასა და ინვესტიციებზე“, – აღნიშნა რძის მწარმოებელ-გადამმუშავებელი კომპანიის „კავკასიის გენეტიკა“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ხატიაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სექტორს გააცნეს 2025 წლის სახელმწიფო კონტროლის შედეგები რძისა და რძის ნაწარმის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის მიმართულებით. ასევე აღინიშნა, რომ 2026 წლისთვის დაგეგმილია ლაბორატორიული კვლევების გაფართოება, გაიზრდება ნიმუშების რაოდენობა და სხვადასხვა პროდუქციის შემოწმება დაახლოებით 150-მდე ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ მაჩვენებელზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი.