თენგიზ შარმანაშვილი: ხელისუფლებას პრინციპულობა რომ არ გამოეჩინა, ნახევარი თბილისი ახლა ნანგრევებად იქნებოდა ქცეული
“ნათლად არის წარმოჩენილი, რა ტიპის არეულობას აფინანსებდნენ და საითკენ მიჰყავდათ საქართველო. საქართველოს ხელისუფლებას პრინციპულობა, რომ არ გამოეჩინა, ნახევარი თბილისი ახლა ნანგრევებად იქნებოდა ქცეული”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ბენცის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, მისასალმებელია, რომ აშშ-ის ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები ღიად ალაპარაკდნენ.
„მოხარული ვარ, რომ ხელისუფლების [აშშ-ის] ყოფილი წარმომადგენლები ამ აღიარებებს უკვე საჯაროდ აცხადებენ. ეს ჩვენთვის კი იყო ცნობილი, მაგრამ საზოგადოებას შესაძლოა მაინც ეჭვი შეჰპაროდა, რომ ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური მიზნების გამო, შესაძლებელია, ფაქტებს არასწორ ინტერპრეტაციას ვუკეთებდით. ახლა კი უკვე ნათლად არის წარმოჩენილი, რას ხმარდებოდა ეს ფინანსები, რა ტიპის არეულობას აფინანსებდნენ საქართველოში და საითკენ მიჰყავდათ საქართველო. ასე რომ გაგრძელებულიყო და საქართველოს ხელისუფლებას პრინციპულობა არ გამოეჩინა, დამერწმუნეთ, ნახევარი თბილისი ახლა ნანგრევებად იქნებოდა ქცეული“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, როგორც კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა მაიკ ბენცმა აღნიშნა, 2024 წელს „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებში ჩართული ადამიანები აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პერიოდში, მათ შორის USAID-ისა და NED-ის მეშვეობით ფინანსდებოდნენ.