დავით ზალკალიანი ლევან ვასაძეს პასუხობს

„როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, მეზობლების თანადგომა, რომლებთანაც სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბიზნესმენ ლევან ვასაძის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ ვცხოვრობთ ურთულესი გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, რაც გავლენას ახდენს საქართველოზე, ასეთ სიტუაციაში რაც შეიძლება მეტი მოკავშირე და თანამოაზრე გვჭირდება ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის. როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, მეზობლების თანადგომა, რომლებთანაც სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს. ამ უსერიოზულეს გამოწვევებს, რომელიც დღეს ჩვენ წინაშეა, როგორიც არის ოკუპაცია, მათი დახმარების გარეშე ვერ გავუმკლავდებით. ამიტომ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი თანამოაზრე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვერის ბაღში გამართულ აქციაზე ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთ წარმომადგენლების მიმართ მკვეთრი განცხადებები გააკეთა.
„ტუტუცი უცხოელი ელჩი. ვისაც არ ესმის, რომ მისი საქმე არის საელჩოში ჯდომა და ელჩობა, გამოდის ქუჩაში და გვასწავლის ჭკუას, ესხმის თავს ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენლებს და ჩვენი ეკლესიის ხელმძღვანელობას უშრობს სისხლს, ის აღარ არის ელჩი. თუ უნდა, რომ ხელები შევუკრათ თავის დაცვიანად, არც ეგ არის პრობლემა“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები