ოთარ დანელია სტიქიით დაზარალებულ სოფლებში იმყოფებოდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორებთან ერთად, სტიქიით დაზარალებული სოფლების მოსახლეობას შეხვდა და დაზიანებული სავარგულები მოინახულა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სეტყვის შედეგად ზარალი 20-მდე სოფლის მოსახლეობას მიადგა. როგორც გორის რაიონის სოფელ რეხას მცხოვრებლებმა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე განაცხადეს, ძლიერი სეტყვის შედეგად ხილისა და ბოსტნეულის მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებულია.
„დღეს მთავარია, დროულად და ობიექტურად მოხდეს ზარალის დათვლა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელმძღვანელებს დაევალათ, მაქსიმალურად ოპერატიულად მოახდინონ ადამიანური რესურსის მობილიზება და ზარალის დამთვლელ სამუშაოებში აქტიური ჩართვა“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
დაზარალებული სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრისას, ოთარ დანელიამ პრობლემების შესახებ მოისმინა და, შესაძლებლობის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას დაჰპირდა.