მამუკა ბახტაძე: დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება მუდმივი პროცესია და მეოთხე ტალღა არის ძალიან კარგი მაგალითი, რა სულისკვეთებით ვუდგებით ჩვენ ამ საკითხს

სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიცია განაგრძობს დეზინფორმაციულ კამპანიას, რომ კითხვის ნიშნები გააჩინოს ამ პროცესთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგი არის კონკრეტული – საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები არის ყველაზე მაღალ დონეზე და საქართველო ნატოს კართან ასე ახლოს ჯერ არასდროს ყოფილა, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში ჟურნალისტის კითხვას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადების ოპოზიციის მიერ ინტერპრეტაციის შესახებ დასმულ შეკითხვას.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს აშშ-სთან პარტნიორობა სხვა სფეროებთან ერთად მიმართულებას, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას მოიცავს. პრემიერ-მინისტრის თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება ხანგრძლივი პროცესია და აღნიშნულ პროცესში საქართველოს პარტნიორებისგან სრული მხარდაჭერა აქვს.

„სრულიად წარმოუდგენელი ინტერპრეტაციები მოვისმინეთ ოპოზიციის ზოგიერთი უპასუხისმგებლო წარმომადგენლის მხრიდან. საქართველოს აშშ-სთან პარტნიორობა მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. დემოკრატიის კონსოლიდაცია მუდმივი პროცესია. ჩვენ რომ ვართ წარმატებული ჩვენს რეფორმებში, ამიტომ აქვთ ჩვენს პარტნიორებს განწყობა, რომ საქართველოს შეუძლია გააგრძელოს და კიდევ უფრო მეტი რეფორმები გაატაროს ამ მიმართულებით. დასავლეთშიც, ევროპაშიც გრძელდება ეს პროცესი. როდესაც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, ეს პროცესი არის მუდმივი. მეოთხე ტალღა არის ამის ძალიან კარგი მაგალითი, თუ რა სულისკვეთებით ვუდგებით ჩვენ ამ საკითხს. ჩვენი სულისკვეთებაა ის, რომ იყოს მაქსიმალური ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკურიპარტიების, საერთაშორისო პარტნიორების, რათა საბოლოო ჯამში მივიღოთ ისეთი შედეგი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს სურს. ეს არის სულისკვეთება იმ დოკუმენტის, რომელიც ჩვენ ერთობლივად მივიღეთ. აქედან გამომდინარე, ეს ინტერპრეტაციები არის სრულიად მიუღებელი და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ეხება ასევე საარჩევნო სისტემას. ჩვენი პოლიტიკური გუნდი აქტიურად მუშაობს საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, ჩვენ მიღებული გვაქვს რეკომენდაციები ODIHR-დან და ამაზეც მიმდინარეობს სამუშაო პროცესი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები