ავთანდილ ცინცაძე – “გვაქვს სურვილი, რომ გიოს სახელობის ტურნირში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და უფრო ფართო მასშტაბები მივცეთ” (ფოტოკოლაჟი)

თბილისში “გიოს სახელობის ტურნირი” ფეხბურთში მიმდინარეობს, რომელიც 10 ივნისს დაიწყო და 20 ივნისს დასრულდება. აღნიშნული ტურნირის მხარდამჭერია თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე.

როგორც დეპუტატმა „კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, მსგავსი ტურნირები ხელს უწყობს ახალგაზრდებს, რომ მომავალი თაობა სპორტული ცხოვრების რეჟიმში უფრო აქტიურად იყოს ჩართული.

„ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ გიოს სახელობის ტურნირში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და აღნიშნულ ღონისძიებას უფრო ფართო მასშტაბები მივცეთ. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ტურნირის მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება და მონაწილეობის სურვილსაც სულ უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ ჯანმრთელი ცხოვრების უფრო მეტი მიმდევარი გვყავდეს, მნიშვნელოვანია რომ ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას ჰყავდეს ჯანმრთელი მომავალი თაობა. მსგავსი ტურნირები კი ზუსტად ამას ემსახურება. ვისურვებდი რომ ასეთი აქტივობები ჩვენს ქალაქში უფრო მეტი იყოს. ამ ტურნირის დამფუძნებელია შალვა პერანიძე და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პირადად მას ასეთი ტრადიციის შექმნისთვის, ასევე, დიდი მადლობა ყველა მონაწილეს, მინდა თითოეულ მათგანს წარმატებები ვუსურვო“,- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

„კვირა“ გიოს სახელობის ტურნირის დამფუძნებელს შალვა პერანიძესაც დაუკავშირდა, მისი თქმით, წელს ტურნირი მეთვრამეტედ იმართება.

„გიო ჩვენი მეგობარი იყო, რომელიც 2001 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. გიო მაშინ 15-16 წლის ბიჭი იყო, ფეხბურთზეც დადიოდა, ცეკვავდა კიდეც, ხელოვანი ადამიანიც იყო და საერთოდ, ძალიან მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული. მისი გარდაცვალების შემდეგ, ტურნირს ტრადიციის სახე მივეცით და გიოს სახელობის ტურნირს ფეხბურთში ყოველ წელს ვატარებთ. ტურნირი მხოლოდ ჩვენს უბანში მხოლოდ დიდ დიღომში კი არა, ფაქტობრივად მთელი თბილისის მასშტაბით ტარდება – მონაწილეობას ყველა უბნიდან იღებენ“, – აღნიშნა ტურნირის ორგანიზატორმა შალვა პერანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები