კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” განცხადებას ავრცელებს: კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ არის მიმართული

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ მაუწყებლობის თვითრეგულირებას
მიკუთვნებული საკითხების რეგულირებაში გადატანა დაუშვებელია.
ამის შესახებ კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კოალიცია მიიჩნევს, რომ კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ არის
მიმართული და დიდ საფრთხეებს შეიცავს.
“2019 წლის 13 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია სიძულვილის ენის
რეგულირების მიზნით 2019 წლის 01 ივლისამდე მაუწყებლობის შესახებ საქართველოს
კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. აღნიშნულის საფუძვლად კი მითითებულია
საქართველოს ვალდებულება აუდიოვიზუალური მედია დირექტივის იმპლემენტაციის
თაობაზე.
კოალიცია მიიჩნევს, რომ კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ არის
მიმართული და დიდ საფრთხეებს შეიცავს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ
შემოთავაზებული ცვლილებებით მედიის თვითრეგულირების სფეროში არსებული
საკითხები გადადის სახელმწიფო რეგულირების კომპეტენციაში, შესაძლებელი ხდება
მედიის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების კომუნიკაციების ეროვნულ
კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრება. ეს ქმნის გამოხატვის თავისუფლების
თვითნებური, დაუსაბუთებელი შეზღუდვის რისკებს. ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა
დასაშვებია მხოლოდ ვიწროდ მიზანმიმართული კანონით. ცვლილებების გაზიარების
შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიის შინაარსში ჩარევის საშუალება
ეძლევა, რაც ფაქტობრივად სახელმწიფოსთვის მედიაზე ზემოქმედების ბერკეტის გადაცემას
ნიშნავს. შემოთავაზებული ცვლილებებით სწორედ ის მუხლი ბრუნდება რეგულირებაში,
რომლის საფუძველზეც 2007 წლის 07 ნოემბრის მოვლენებისას ტელეკომპანია იმედს
მაუწყებლობა შეუჩერდა.
აღსანიშნავია, რომ სიძულვილის ენის დარეგულირება მხოლოდ თვითრეგულირების
ფარგლებში არ ხდება. თუკი ნამდვილად იარსებებს რეალური საფრთხე შუღლის გაღვივების,
ომის პროპაგანდის თუ ხელისუფლების დამხობის, დღესაც არსებობს სამართლებრივი
მექანიზმები (მათ შორის მაუწყებლების წინააღმდეგ) – სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე
და 239-ე მუხლები.
საკონსტიტუციო სასამართლომ, 2009 წლის 10 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებით,
კონსტიტუციის დარღვევად არ ჩათვალა ის, რომ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს
გადაწყვეტილებები სასამართლოში არ საჩივრდებოდა. საკონსტიტუციო სასამართლომ
დაინახა საფრთხეები გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, თუკი მაუწყებლის მიერ
კანონით განსაზღვრული ქცევის წესების დაცვაში სასამართლო ან ხელისუფლების სხვა
ორგანო ჩაერეოდა და 2010 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაში განაცხადა:
„გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებაა,
მაგრამ ამ უფლებების სრულყოფილი განხორციელებისთვის მხოლოდ საკანონმდებლო
გარანტიები არ კმარა, საჭიროა, რომ თავად საზოგადოება იყოს შემწყნარებელი ინდივიდის
უფლებისადმი, თავისუფლად და უშიშრად გამოხატოს საკუთარი აზრი. დემოკრატიულ
საზოგადოებაში ადამიანებს აქვთ თმენის ვალდებულება იმ მოსაზრებების მიმართ,
რომელთაც ისინი არ იზიარებენ ან, თუნდაც თვლიან ზნეობრივად გაუმართლებლად.
დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან
მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო
ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით.
მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის, ფასეულობების, იდეების მიუღებლობა არ შეიძლება გახდეს
მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. სახელმწიფო ვალდებულია,
დაიცვას ობიექტურად იდენტიფიცირებადი ინტერესები, მაგრამ არა სუბიექტური
გრძნობები.”მისასალმებელია, რომ კომისია ცდილობს შემცირდეს სიძულვილის ენის, შუღლის
გაღვივების თუ არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროდუქციის
სამაუწყებლო ეთერში გაშვება, თუმცა კანონპროექტით პრობლემის მოგვარების არასწორი გზა
არის შერჩეული. დირექტივა წევრ სახელმწიფოებს აძლევს შესაძლებლობას თავად
გადაწყვიტოს საკითხი გადაწყვეტილი უნდა იყოს რეგულირების თუ თვითრეგულირების
ფარგლებში.
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ რეგულირების ნაცვლად აუცილებელი
გაძლიერდეს თავად მაუწყებლებში არსებული თვითრეგულირების მექანიზმი. ამ მექანიზმის
გაძლიერება, მისი ეფექტიანობის მონიტორინგის გაუმჯობესებაზე ზრუნვა არის
მარეგულირებლის პასუხისმგებლობა და სწორედ ეს იქნება დირექტივით
გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.
კოალიციას დაუშვებლად მიაჩნია წარმოდგენილი ფორმით საკანონმდებლო ცვლილებების
მიღება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან არის დაკავშირებული. მით
უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს სხვა ბერკეტები სიძულვილის ენასთან
საბრძოლველად და მისი ჯეროვანი გამოყენება არ ხდება. ამასთან, საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია არ
ითხოვს ტელევიზიისა და რადიოს მიერ მაუწყებლობის ქცევის წესების დაცვაზე სასამართლო
კონტროლის არსებობას.მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის
თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის
დემოკრატიულ განვითარებას.
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ მოახდინოს ამ საკითხის დაჩქარებული
წესით განხილვა და მაქსიმალურად უზრუნველყოს პროცესებში ყველა დაინტერესებული
პირის ჩართულობა”, -ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები