მსჯავრდებულ პირსა და დაზარალებულის უფლებამონაცვლეს შორის მედიაციის საერთო შეხვედრა პირველად გაიმართა

საქართველოში პირველად შედგა აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამის – სისხლის სამართლის მედიაციის საერთო შეხვედრა მსჯავრდებულ პირსა და დაზარალებულის უფლებამონაცვლეს შორის.
როგორც „კვირას“ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნობეს,შეხვედრამ საშუალება მისცა პირობით მსჯავრდებულსა და დაზარალებულს ესაუბრათ დანაშაულთან დაკავშირებით, გაეზიარებინათ ემოციები ერთმანეთისათვის და შეთანხმებულიყვნენ ზიანის ანაზღაურების საკითხზე. შეხვედრის ხელმძღვანელი (ნეიტრალური პირი) იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიატორი იყო.
„გასულ წელს საპილოტე რეჟიმში ამოქმედებულმა პროგრამამ დღეს, საშუალება მოგვცა ჩატარებულიყო მედიაცია პირობით მსჯავრდებულსა და დანაშაულის შედეგად გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეს შორის. პროცესი ძალიან ემოციური და საინტერესო აღმოჩნდა. მედიაციაში მონაწილე ორივე მხარემ სრულად სხვაგვარად შეხედა და გადააფასა მომხდარი დანაშაულის ყველა დეტალი და შედეგი. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ არაერთი მსგავსი საქმე გვექნება და ვაგრძელებთ მუშაობას კიდევ უფრო მეტი გამოცდილების მიღებისა და ამ მიმართულებით პროგრამის გაუმჯობესებისთვის“, განაცხადა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლადო ჯავახიშვილმა. მისივე ინფორმაციით, სატრანსპორტო დანაშაულის საქმეზე მუშაობა, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საჭიროებდა მხარეებთან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში ინტენსიურ მუშაობას, რომლის შედეგადაც პირველად შედგა წარმატებული საერთო შეხვედრა სისხლის სამართლის მედიაციაში.
„აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამის – სისხლის სამართლის მედიაციის შეხვედრას მსჯავრდებულ პირსა და დაზარალებულს შორის პირველად გავუწიე ფასილიტაცია. ეს მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ჩვენი გუნდისთვის. მედიატორად მუშაობის ოთხ წლიანი გამოცდილების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი სირთულის საქმე პრაქტიკაში არ მქონია. გაწეული სამუშაოს წარმატებულობის დადასტურება კი უშუალოდ მედიაციის საერთო შეხვედრა იყო, რომელიც ემოციების, საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე მოსაზრებათა ურთიერთგაცვლის ფონზე წარიმართა“, განაცხადა საქმის მედიატორმა თინათინ ზედგენიძემ. აღსანიშნავია, რომ აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამა – სისხლის სამართლის მედიაციის განვითარებაზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ 2018 წლის ნოემბერიდან, სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან“ და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობით, საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამა – მედიაცია სისხლის სამართალში. საპილოტე პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ევროკავშირის, ამერიკის საელჩოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, აღდგენით მართლმსაჯულებაში პროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ტრენინგებს/სამუშაო შეხვედრებს სისტემატურად მართავს პროგრამაზე მომუშავე პირებისთვის. ესენი არიან: სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ პრობაციის ოფიცრები და სოციალური მუშაკები, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიატორები, მოსამართლეები. უახლოეს მომავალში იგეგმება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების გადამზადებაც. პროგრამის განხორციელებას აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს გენერალური პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური.
როგორც ცნობილია, მედიაციის განვითარების მიზნით, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბაზაზე, 2014 წლის 8 ივლისს, ქ. თბილისში, ც. დადიანის ქუჩაზე გაიხსნა მედიაციის სახლი. მისი უმთავრესი დანიშნულება მედიაციის ხელშეწყობა და მისი გამოყენების სფეროების გაფართოებაა. დანაშაულის პრევენციის ცენტრი 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარებისათვის, მათ შორის განრიდების პროგრამაში შეტანილი ცვლილებების შედეგად გაიზარდა მედიატორის როლი; 2014 წლიდან ყოველწლიურად იზრდება განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში წარმატებულ მედიაციათა კონფერენციების რაოდენობა (მაგ.: 2014 წელს – 22 მედიაციის კონფერენცია, 2018 წელს კი – 290).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები