რა სიკეთეს მოუტანს ორანჟერეის პროექტი მოსახლეობას – ბიძინა გიორგობიანის მოსაზრება

ეკოლოგი ბიძინა გიორგობიანი დიღმის ტყე პარკის მიმდებარედ, ავტოსალონის ნაცვლად, ორანჟერეის მოწყობის იდეას მიესალმება. ეკოლოგი ყურადღებას პროექტის დანიშნულებაზე ამახვილებს და მიიჩნევს, რომ მისი განხორციელება მოსახლეობისთვის სასიკეთო იქნება.
“აღმაშენებლის ხეივანთან, არქიტექტურულად მოძველებული ავტოსალონის ნაცვლად, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის შექმნა ძალიან კარგი იდეაა. განსაკუთრებით პოზიტიურ შთბეჭდილებას ტოვებს პროექტით განსაზღვრული ცენტრის, როგორც საზოგადოებრივი, ღია რეკრეაციული სივრცის დანიშნულება. პროექტი, სავარაუდოდ, მოიცავს დიღმის ტყე-პარკის გარკვეული მონაკვეთის კეთილმოწყობასაც, რაც ვფიქრობ, ადგილობრივი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია.” – განმარტავს ბიძინა გიორგობიანი.
მისივე რეკომენდაციით, პროექტანტმა და შემსრულებელმა რამდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ. პირველი – მსგავსი ტიპის საზოგადოებრივ სივრცეებში, სანახაობრივი ატრაქციების გვერდით, მიზანშეწონილია მოეწყოს მყუდრო ადგილები, სადაც საქმიანი შეხვედრები იქნება შესაძლებელი და მეორე – აღმოსავლეთ საქართველოსათვის დამახასიათებელი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, სწორად შეარჩიონ მწვანე საფარი და გარე გამწვანების დეკორატიული დანიშნულებით, აღნიშნულ კლიმატთან შემგუებელი სახეობები და ჯიშები გამოიყენონ. რაც შეეხება ინტერიერს და დახურულ სივრცეებს, ეკოლოგის განმარტებით, აქ ნამდვილად შესაძლებელია სხვადასხვა ეგზოტიკური მცენარის გამოყენება, რაც საზოგადოებრივი ორანჟერეის ფლორას მრავალფეროვანს გახდის.
“მნიშვნელოვანია, ორანჟერეის მიმდებარედ შენარჩუდეს დიღმის ტყე-პარკის პირველყოფილი იერსახე და მასში არ მოხდეს უხეში დეკორატიული ინტერვენცია, არამედ, ადგილობრივი ჯიშების გამოყენებით, გაკეთდეს ერთგვარი გარდამავალი სივრცე. ასეთი პროექტის განხორციელება ძალიან კარგი სტიმული იქნება აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სხვა სავაჭრო ცენტრებისთვისაც, რომლებსაც საკუთრებაში არსებული ტერიტორიები მსგავსი დანიშნულების რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობის საშუალებას აძლევს.” – აღნიშნავს ბიძინა გიორგობიანი.
შეგახსენებთ, რომ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეა მოეწყობა. აღმაშენებლის ხეივანთან მდებარე ტერიტორიაზე ამჟამად “კია მოტორსის” ავტომომსახურების ცენტრი მდებარეობს. კომპანია “ანაგმა” ორანჟერეით უნდა ჩაანაცვლოს სწორედ ეს ცენტრი, რომელიც ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ადგილას არის განთავსებული და ფუნქციიდან გამომდინარე, გარემოს გარკვეულ ზიანსაც აყენებს.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი ხე არ მოიჭრება. პირიქით, ამ ადგილას არაერთი ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარე უნდა დაირგოს. პროექტის ავტორი კომპანია „სტუდია 9„-ის საპროექტო სამსახურის მთავარი არქიტექტორი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ჩხაიძეა.
მრავალფუნქციური ორანჟერეა ლანდშაფტურ-დასასვენებელი სივრცეა, რომელიც საგამოფენო დარბაზს, საკონცერტო-თეატრალურ სცენას და არაერთ საინტერესო ობიექტს აერთიანებს. ორანჟერეა სტუმრებს ნებისმიერ დროსა და ამინდში მიიღებს.
პროექტის თანახმად, ლანდშაფტური პარკის ინტერიერი და ექსტერიერი ერთ მთლიანობას წარმოადგენს, რაც მთელი ტყე-პარკის რეკრეაციულ ღირებულებას უფრო მეტად გაზრდის. დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებით, ტერიტორია არ შემოიღობება და არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად.
მრავალფუნქციური ორანჟერეის პროექტი, საბოლოო სახით, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები