„პროექტებზე დაფუძნებული სწავლების“ შედეგების შეჯამება და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება

ბრიტანეთის საბჭოსა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, 2018 წლის ბოლოდან განხორციელდა პროექტი, რომელიც ორიენტირებულია პროექტზე დაფუძნებული სწავლების მიმართულებით ინგლისური ენის მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე.
14 ივნისს, 17:00 საათზე, გაიმართება პროექტის შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება, რომელზეც მიწვეულნი არიან სკოლების ხელმძღვანელები, ინგლისური ენის მასწავლებლები და საპატიო სტუმრები როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან, ისე საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციიდან.
როგორც „კვირას“ ბრიტანეთის საბჭოდან განუცხადეს, ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილია პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროექტების კონკურსში გამარჯვებული პედაგოგებისა და მოსწავლეების დაჯილდოება.
ღონისძიება წარიმართება ორ ნაწილად: პირველ ნაწილში მომხსენებლები ისაუბრებენ ერთობლივი ინიციატივის შესახებ, პროექტებით სწავლების ძირითად მახასიათებლებზე და მისი განხორციელების საშუალებებზე. დამსწრე საზოგადოებას მიეცემა საშუალება, გაეცნოს ერთობლივი პროექტის შედეგებს და პროექტის მონაწილე პედაგოგების მუშაობის პროცესში მიღებულ გამოცდილებას.
ღონისძიების მეორე ნაწილში მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაეცნონ პროექტების კონკურსში გამარჯვებული ინგლისური ენის მასწავლებლების და მოსწავლეების მიერ განხორციელებულ კონკრეტულ პროექტებს, რასაც მოყვება გამარჯვებულების პრიზებით დაჯილდოება.

მოკლედ „პროექტებზე დაფუძნებული სწავლების“ შესახებ

ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა ინგლისურის მასწავლებელთა ისეთი უნარების განვითრებას, რომელთა დახამრებითაც მასწავლებლები შეძლებდნენ პროექტზე დაფუძნებული სწავლების დაგეგმვასა და დანერგვას ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, წარმოადგენს ბრიტანეთის საბჭოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის 2015-2017 წლებში წარმატებული პარტნიორობის გაგრძელებას.
სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმების მიხედვით, პროექტი მორგებული იყო მასწავლებელთა საჭიროებებზე და პასუხობდა მთავრობის პრიორიტეტს, თემატურ სწავლებასთან და საგანთაშორის თანამშრომლობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მიმართული იყო გლობალური პრობლემების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისკენ.
პროექტის მნიშვნელოვანი ამოცანა იყო მოსწავლეთა ინგლისური ენის კომპეტენციის, ასევე, 21-ე საუკუნის უნარების განვითარება ინგლისური ენის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების გზით.

პროექტის აქტივობები

1. შეიქმნა პროექტზე დაფუძნებული სწავლების სატრენინგო მოდული და ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 20 მაღალკვალიფიცური ტრენერებისთვის.
2. ჩატარდა ინგლისური ენის მასწავლებელთა 55 ჯგუფის კასკადური ტენინგი, რომელსაც მთლიანობაში ესწრებოდა ინგლისური ენის 625 მასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ტრენინგები ტარდებოდა 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით.
3. შეიქმნა სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის, ერთგვარი გზამკვლევი პროექტებზე დაფუძნებული სწავლებისთვის და იგი განთავსებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
4. ჩატარდა პროექტების კონკურსი პროექტზე დაფუძნებული სწავლების საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენისა და ურთიერთგაზიარების მიზნით, რაც მომავალში ხელს შეუწყობს მასწავლებელთა მოტივაციის გაზრდასა და მათ შემდგომ განვითარებას. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 42 მასწავლებელმა.

მის: თბილისი, 26 მაისის მოედანი  N1, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები