ნაზი ჯანეზაშვილი: მხარდაჭერა, რომელსაც ევროკავშირი და აშშ-ის მთავრობა საქართველოს უცხადებს არის შეუფასებელი და უმნიშვნელოვანესი

„მხარდაჭერა, რომელსაც ევროკავშირი და აშშ-ის მთავრობა საქართველოს უცხადებს არის შეუფასებელი, უმნიშვნელოვანესი და ეს მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს – უნდა მიიღოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საკეთილდღეოდ და არა პირადი ინტერესების სასარგებლოდ“, – ასე შეაფასა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ კანონპროექტს დადებითად აფასებენ.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა „კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, განცხადებაში ნათლად ჩანს, რომ განცხადების ავტორებს დიდი მოლოდინი აქვთ იმის, თუ როგორ განხორციელდება ახალი კანონები უკვე პრაქტიკაში.

„აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში უკვე მრავალი წელია, მართლმსაჯულების გაუმჯობესების მიზნით ძალიან ბევრ პროექტებს ახორციელებენ. მათი ძალისხმევა ნამდვილად შეუფასებელია და ნამდვილად დიდი მხარდაჭერაა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ განცხადებაში ნათლად ჩანს, რომ მათი მოლოდინი სასამართლოსკენაა მიმართული თუ როგორ განხორციელდება ის ახალი კანონები პრაქტიკაში.
ჩვენ წარსულიდან არაერთი მაგალითები ვიცით და ამჟამადაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები და ეს კლანი კანონებს იმგვარად იყენებენ, როგორც მათი სურვილია და როგორც მათი პირადი ინტერესია. შესაბამისად, მე სასამართლოსგან არ მაქვს მოლოდინი, ანუ სასამართლოში იგულისხმება ჩემი კოლეგები პირველ რიგში, რომ ისინი იმგვარად განახორციელებენ კანონს, როგორც ეს სჭირდება დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და დემოკრატიულ პრინციპებს. ამიტომ, მეც მოლოდინით ვუყურებ მომავალს, იმ თვალსაზრისით თუ როგორ წარიმართება პროცესები მთლიანად სასამართლო სისტემაში, მაგრამ იმ ადამიანებიდან გამომდინარე, რომლებთან ერთად მე ვმუშაობ და ძალიან კარგად ვხედავ შიგნიდან რა პრობლემებია, ამის მოლოდინი მე არ მაქვს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის, ისინი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენს ქვეყანას ძალიან ეხმარებიან – ისინი ეხმარებიან ქვეყანას და არა რომელიმე კონკრეტულ პირებს, ამიტომ ეს მხარდაჭერა ჩემთვის არის სრულიად მისასალმებელი და მნიშვნელოვანი. მხარდაჭერა, რომელსაც ევროკავშირი და აშშ-ის მთავრობა უცხადებს საქართველოს ეს არის შეუფასებელი, ეს არის უმნიშვნელოვანესი და ეს მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოყენოს და უნდა მიიღოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საკეთილდღეოდ და არა პირადი ინტერესების სასარგებლოდ“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ის საელჩომ საქართველოში სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ კანონპროექტს მიესალმებიან.

„აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მიესალმება სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფინალურ კანონპროექტს, რომელიც ფართო კონსენსუსით მომზადდა.სამუშაო ჯგუფი შედგებოდა სხვადასხვა აქტორისგან, მათ შორის: საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლო სექტორის წარმომადგენლებისგან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტში ასახულია ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და ემსახურება საქართველოში სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის გაზრდას. ველით პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებას და სასამართლო ინსტიტუტების მიერ მის განხორციელებას. ჩვენ მზად ვართ, დახმარება გავწიოთ ამ კანონპროექტის დანერგვისა და შემდგომი რეფორმების პროცესში“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები