დავით ნარმანია: მდინარე მტკვრის გასაწმენდად კომპლექსური ღონისძიებები გატარდება
მტკვარ-არაქსის აუზის დაცვის დღესთან დაკავშირებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ გარემოს დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძესთან და ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ილია ჯიშკარიანთან ერთად მტკვრის სანაპირო დაათვალიერა. დავით ნარმანიამ წინასაარჩევნო პროგრამის იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც ეკოლოგიას, კერძოდ, მტკვრის დასუფთავების გეგმას ითვალისწინებს. მისი თქმით, მდინარე მტკვარი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი.
წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით მდინარე მტკვარი გაიწმინდება ჩამდინარე წყლებისა და კანალიზაციისგან, თბილისის შესასვლელ ნაწილში გაკეთდება ნაგავდამჭერი სპეციალური მოწყობილობა, რათა ნარჩენები დედაქალაქის ტერიტორიაზე არ შემოვიდეს. სანაპიროზე მოეწყობა მწვანე საფარი და საველოსიპედო ბილიკი. იგეგმება გასართობი და დასასვენებელი კომპლექსების მოწყობა.
„მდინარე მტკვარი და მისი სანაპირო რეკრეაციულ ზონად უნდა ვაქციოთ, რაც მნიშვნელოვანია დედაქალაქის განვითარებისთვის, ასევე ტურისტული თვალსაზრისით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.